ბრიტანული და ირლანდიური მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – Mercury Prize წლევანდელი ლაურეატი რეი გახდა. არტისტის მეორე სტუდიური ალბომი – This Music May Contain Hope ,,წლის ალბომად’’ აღიარეს. შემსრულებელს ფულადი პრემიის სახით, £25,000 გადაეცა.
ეს არის პირველი შემთხვევა ჯგუფ M People-ის 1994 წლის გამარჯვების შემდეგ, როდესაც ეს პატივი პოპ-ალბომს ხვდა წილად.
ჟიურიმ განსაკუთრებით შეაქო 28 წლის მუსიკოსის ნამუშევარი ჟანრობრივი მრავალფეროვნებისთვის და ძველი ჰოლივუდის გლამურის თანამედროვე რეალიზმთან შერწყმისთვის. საღამოზე RAYE-ის პერფორმანსიც შედგა.
ცერემონიის კიდევ ერთი მთავარი ფიგურა, ოლივია დინი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პრიზი RAYE-ს მიენიჭა, დინი აღიარებული ალბომით – The Art of Loving საპატიო შორტლისტში მოხვდა და ღონისძიებაზე კომპოზიცია – Let Alone the One You Love იმღერა.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ნომინანტთა სია უპრეცედენტოდ ვარსკვლავური იყო. საუკეთესო 12 ალბომს შორის მოხვდა ისეთი არტისტებისა და ბენდების ჩანაწერები, როგორებიც არიან: ლეგენდარული სერ პოლ მაკკარტნი, რომელმაც 84 წლის ასაკში კარიერაში პირველი მერკურის ნომინაცია მიიღო, Florence + the Machine, რეპერი Dave და როკ-ჯგუფი Suede.
Mercury Prize არის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური ჯილდო, რომელიც საუკეთესო ალბომს გადაეცემა.
იგი 1992 წელს დაარსდა და ფოკუსირებულია მხოლოდ მუსიკალურ ღირებულებაზე, ორიგინალურობასა და ინოვაციაზე.
Mercury Prize-ს აქვს მხოლოდ 12 ალბომისგან შემდგარი მოკლე სია, საიდანაც დამოუკიდებელი ჟიური ირჩევს მხოლოდ ერთ, წლის საუკეთესო ალბომს. გამარჯვებულს, თასთან ერთად, გადაეცემა ფულადი პრიზი £25,000-ის ოდენობით.
ჯილდოს მოპოვება ან თუნდაც შორტლისტში მოხვედრა არტისტებისთვის დიდი პრესტიჟია.
ტელეკომუნიკაციების კომპანია Mercury-სგან აღებული სახელი ჯილდომ დღემდე შეინარჩუნა.