„დღეს ჩვენ ვიხილეთ, კიდევ ერთი ძალიან ცუდი რამ. რცხვენოდეთ ჩვენს მოსამართლეებს. ალბათ, არ სჯერათ იმის, რომ აუცილებლად დაისჯებიან იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელსაც ისინი იღებენ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ გამოუშვან უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდები“, – ამის შესახებ მსახიობმა ია ფარულავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძეს და კიდევ 9 პირი პატიმრობაში დატოვა.
„სულ მალე ბოლო მოეღება „ქოცმთავრობას“, – განაცხადა ია ფარულავამ „ვერელების და ვაკელების მარშზე“. მოქალაქეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია – გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ხელახალი ვადამდელი არჩევნები.
მსვლელობაში მონაწილეობას ვაკეში მცხოვრები მოქალაქეების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც იღებენ.