LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეკომენდაცია გაცემულია: შეერთებული შტატები “მოდერნას” დამტკიცების მოლოდინშია

143
moderna-covid-19vaccineapjpg

ამერიკის შეერთებული შტატები ფარმაცევტული კომპანია “მოდერნას” მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვის გაცემას ელოდება.

ვაქცინის დამტკიცებამდე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია – აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის მრჩეველთა კომიტეტმა, რომელიც მოწვეული წევრებისგან შედგებოდა, “მოდერნას” ვაქცინის საგანგებოდ გამოყენების რეკომენდაცია გასცა.

დარჩებიან თუ არა ღარიბი სახელმწიფოები ვაქცინაციის გარეშე: ორგანიზაციები ფარმაცევტულ კომპანიებს წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებენ

გადაწყვეტილების წინააღმდეგი არავინ აღმოჩნდა. მას მხარი კომიტეტის 20-მა წევრმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა. შემდეგი ნაბიჯი იქნება FDA-ს მხრიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (EUA). შესაბამისად, შტატებში დღეიდან მოლოდინია, რომ ვაქცინა უახლოეს დღეებში დამტკიცდება.

 

 

საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ხელმძღვანელის, სტივენ ჰანის განცხადებით, სააგენტო ოპერატიულად იმოქმედებს, რათა მალე გაიცეს ნებართვა და კომპანია “მოდერნამ” მილიონობით ვაქცინის გადაზიდვა დაიწყოს.

ვაქცინის დაჩქარებული წესით დამტკიცება და გამოყენება შტატებში კორონავირუსის ინფიცირებისა და ლეტალობის შემთხვევების საგანგაშო ზრდას უკავშირდება.

17 მილიონზე მეტი ინფიცირებულიდან, შტატებში ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 317 929 ადამიანის სიცოცხლე

მართალია, “ფაიზერისა” და “ბიოენტეკის” ერთობლივი ვაქცინით უკვე დაიწყო შტატებმა მოსახლეობის აცრა, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, ეს პანდემიის ტალღების შესაკავებლად საკმარისი არ იქნება.

ექსპერტები “მოდერნას” უპირატესობებზეც ამახვილებენ ყურადღებას:

მაშინ, როდესაც “ფაიზერის” ვაქცინისთვის ცივი ჯაჭვის მოთხოვნა -75 გრადუსია, რაც მის გადაზიდვას ართულებს და მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებს, “მოდერნასთვის” სულ – 20 გრადუსია საჭირო.

“კონკურენტ” ვაქცინებს მსგავსებაც აქვთ: ორივე შემთხვევაში, პაციენტი იცრება ორჯერ, სამკვირიანი ინტერვალით.

რაც შეეხება ეფექტიანობას, როგორც “ფაიზერმა”, ასევე “მოდერნამ”, კვლევების შედეგად 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

კოვიდინფიცირების მძიმე შემთხვევებისას “მოდერნას” ვაქცინას 100%-იანი ეფექტიანობა აქვს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები