აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა.
განყოფილება, რომელიც უახლესი სამედიცინო ტექნიკით არის არჭურვილი, ჯამში, 400 პაციენტს მოემსახურება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია და ის სახელმწიფო სახსრებით განხორციელდა.
კოვიდგანყოფილება დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერეს.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პანდემიის მეორე ტალღამ ქვეყანაში დამატებითი რეანიმაციული საწოლების მობილიზების მნიშვნელობა გამოკვეთა და მოკლე ვადაში განხორციელდა პროექტი, რათ, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების შესაძლო დეფიციტის საფრთხე არ შეიქმნას.
ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის თანამედროვე რეაბილიტირებული კოვიდგანყოფილება ელექტრო და მექანიკური სამედიცინო საწოლებით, ჟანგბადის კონცენტრატორებითა და კრიტიკულ-გადაუდებელი სუნთქვის აპარატებითაა აღჭურვილი და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს.
ამ ეტაპზე კლინიკაში სრულად აღჭურვილი 200 რეანიმაციული საწოლია, რომელსაც თებერვალში კიდევ 200 დაემატება.
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ასევე, სამი ერთეული ჟანგბადის დანადგარი დაემატა, რაც პაციენტებისთვის ჟანგბადის უწყვეტ და ცენტრალიზებულ მიწოდებას უზრუნველყოფს.

