LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო კაკულია: „23 წელია, რადიო „ფორტუნა პლუსი“ ტრენდშია და ინარჩუნებს მსმენელის სიყვარულს…“

905
რეზო

2000 წლის 1-ელ სექტემბერს FM დიაპაზონზე ამოქმედდა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ახალი რადიო „ფორტუნა პლუსი“, რომელიც შემდეგი 4 წლის განმავლობაში სტაბილურად პირველ ადგილს ინარჩუნებდა, ბოლო 23 წელია კი, თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მემატიანედ მიიჩნევა საქართველოში. მისი წარმატება ამ ფორმატში ვერავინ გაიმეორა. ეს, როგორც „ფორტუნა პლუსის“ უცვლელი მენეჯერი და ცნობილი რადიოწამყვანი, რეზო კაკულია ამბობს, იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც წლების განმავლობაში ქმნის „ფორტუნა პლუსს“ რადიოჰოლდინგის გენერალური დირექტორის, თამარ ჩიგოგიძის თაოსნობით.

რეზო კაკულია: 

2000 წლის 1-ელ სექტემბერს რადიო „ფორტუნა პლუსი“ ეთერში გავიდა და მეც სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული ვმუშაობ აქ. 23 წელი ნამდვილად დიდი დროა და ჩვენც საუკეთესო და საინტერესო გამოცდილება დაგვიგროვდა გუნდური მუშაობით. ის წარმატება, რომელიც რადიო „ფორტუნა პლუსს“ აქვს, როგორც თანამედროვე მუსიკის რადიოს, საქართველოში ვერავინ გაიმეორა. დაარსებიდან 4 წლის განმავლობაში პირველ ადგილს სტაბილურად ვინარჩუნებდით, შემდეგ კი პირველადგილოსანი გახდა რადიო „არ დაიდარდო“, რომელიც ასევე ჩვენს რადიოჰოლდინგს ეკუთვნის.

ის, რომ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ოთხივე რადიოსადგური ასეთი წარმატებულია, პირველ რიგში, ბატონი გურამ ჩიგოგიძის დამსახურებაა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთან ერთად აღარ არის, მაგრამ მის საქმიანობას ღირსეულად აგრძელებს მისი ქალიშვილი, თამარ ჩიგოგიძე. ის ჩვენს ყველა წამოწყებაში გვიჭერს მხარს, დროულად აგვარებს ყველანაირ პრობლემას, რაც ჩვენ წინაშე დგას ხოლმე და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა რადიოს გამართულ ფუნქციონირებაში.

რადიო „ფორტუნა პლუსი“ 23 წელია, ტრენდშია და ინარჩუნებს მსმენელის სიყვარულს. დღე არ გავა, რომ ჩვენი „ფეისბუქის“ გვერდზე მადლიერი მსმენელისგან წერილები არ მივიღოთ. ყველანაირ პრობლემას თუ სიახლეს გუნდურად ვხვდებით. ვერაფერს გავაკეთებდი, ასეთი კარგი წამყვანების გუნდი რომ არ მედგეს გვერდით.

რეზო, ამდენი წელია, რადიო „ფორტუნა პლუსის“ მენეჯერი ხარ. რთული არ არის, მიხვდე, რა სჭირდება ახალგაზრდა მსმენელს დღეს?

საქმე ისაა, რომ უკვე გამოცდილებასთან ერთად შინაგანი ინტუიციაც მოქმედებს. ვიცი, რომ ჩვენს მსმენელს „ხმაური“ არ სჭირდება. ის კომერციული მიმდინარეობები, რაც მთელ მსოფლიოში პოპულარულია, ჩვენთანაც აქტუალურია – პირველ რიგში, პოპმუსიკა, რა თქმა უნდა, რეპი, არ-ენ-ბი, სოული, ელექტრონული მუსიკა თუ თანამედროვე დისკო. ამ ყველაფერს მოისმენთ ჩვენი რადიოს ეთერში. მსმენელი ყოველთვის ჩართულია და გვეკითხება სიახლეების შესახებ. მსოფლიო შოუბიზნესის მუსიკალური სიახლეების შესახებ ჩვენგან ყოველდღიურად იგებენ.

რომელი შემსრულებლები არიან ამჟამად აქტუალურები საქართველოში?

მაილი საირუსი, სემ სმიტი, ედ შირანი, ოლივია როდრიგო – პოპულარული მომღერლების ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა ძველი გვარდიის წარმომადგენლებიც არ ტოვებენ ჩვენს პლეილისტს და აქ ლიდერი მადონაა, კოლაბორაციაა თუ სოლოსიმღერა, ის ყოველთვის საინტერესო ნამუშევარს გვთავაზობს, რომელიც მსმენელს ძალიან მოსწონს. ასევე მუდამ აქტუალურია უიკენდი და ლედი გაგა.

ახალი სეზონიდან რას გვპირდებით?

რასაკვირველია, იქნება ბევრი სიახლე, რომელსაც ჩვენი მსმენელი ჩვენგან  ელოდება ხოლმე, ახალი გადაცემებისა თუ რუბრიკების სახით.

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები