ბაზარზე ქართული წარმოების სუხარიკი გამოჩნდა. ”რიკი”- ასე ჰქვია ახალ ბრენდს, რომელიც სულ მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა დიდ სავაჭრო ქსელსა, თუ მცირე მარკეტში გაიყიდება. პროდუქციას შპს ”მაკნატუნა” აწარმოებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა დავით ფხაკაძემ განუცხადა, ”რიკის” ბრენდის ქვეშ ამ ეტაპზე 5 სახეობის სუხარიკი იწარმოება.
”ხვალიდან უკვე ჩვენი სუხარიკი დედაქალაქში გამოჩნდება, ქუთაისში და ზოგადად, დასავლეთ საქართველოს რეგიონში უკვე ვართ წარმოდგენილი. მომდევნო დღეებში კი აღმოსავლეთ საქართველოშიც შევალთ. ამ ეტაპზე გვაქვს ყველის, ბეკონის, ბარბექიუს, ტომატ-კეჩუპის, ასევე არაჟნისა და ხახვის სუხარიკი”, – აღნიშნა დავით ფხაკაძემ.
მისივე ინფორმაციით, სუხარიკი ”რიკი” 40 გრამიან შეფუთვაში გამოდის და მისი გასაყიდი ფასი 50 თეთრია. უახლოეს მომავალში კი აღნიშნულ შეფუთვას 90, ან 100 გრამიანი შეფუთვაც დაემატება.
ცნობისთვის, ”რიკის” მწარმოებელი მცირე საამქრო ქუთაისში, შპს ”მაკნატუნას” საწარმოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ამავე ტერიტორიაზე იწარმოება ”მაკნატუნას” ბურბუშელაც, რომელიც ”ბურბუს” ბრენდის ქვეშ იყიდება.