რიკოთის გვირაბში 24 და 25 სექტემბერს, ღამის საათებში, მოძრაობა შეიზღუდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის პერიოდში ინტენსიური მოძრაობის შედეგად, ავტომატური მოწყობილობების და სანათი საშუალებების ავტომანქანების გამონაბოლქვისგან გაწმენდისა და გარეცხვის მიზნით, 24 და 25 სექტემბერს ღამის 00:00 საათიდან 07:00 საათმდე, აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დროის ამ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.