16 სექტემბერს, ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. რობერტ რედფორდის სამსახიობო კარიერა 60 წელზე მეტს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც მან 50-ზე მეტ ფილმში ითამაშა, მიიღო ორი „ოსკარი“, ხუთი „ოქროს გლობუსი“, ასევე „გოთჰემის“, „ბაფტას“ და „სეზარის“ ჯილდოები. სულ მას 46 ჯილდო აქვს მიღებული და 65 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
გარდა ამისა, რობერტ რედფორდი ნიჭიერი რეჟისორი იყო, რასაც მისი მრავალი ჯილდო ადასტურებს. მის რეჟისორულ ნამუშევრებს შორისაა: „ჩვეულებრივი ადამიანები“, „ლობიოს ნაკვეთების ომი“, „ვიქტორინები“, „ცხენების მოჩურჩულე“ და სხვა…
რობერტ რედფორდს ასევე „დამოუკიდებელი კინოს“ ნათლიას უწოდებენ. 1978 წელს მან დააარსა ცნობილი „ეროვნული ამერიკული დამოუკიდებელი კინოფესტივალი“, „სანდენსი“, ხოლო 1981 წელს იუტაში გახსნა „სანდენსის ინსტიტუტი“, რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებელ კინოსა და თეატრის პროექტებს.
მისი ხსოვნის პატივსაცემად, ვიხსენებთ მის ყველაზე ცნობილ ფილმებს.
„ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“ (1969)
ჯორჯ როი ჰილის მიერ გადაღებული ვესტერნი კინემატოგრაფიის ისტორიაში შევიდა, როგორც ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ვესტერნი, ხოლო 2003 წელს იგი ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის ეროვნულ კინო რეესტრში შეიყვანეს. ფილმი ველური დასავლეთის ორი ცნობილი დამნაშავის, რობერტ ლიროი პარკერს, რომელიც ბუჩ კესიდის სახელითაა ცნობილი და მის პარტნიორს, გარი ლონგბოუს, რომელიც სანდენსის ბავშვის სახელითაა ცნობილი, ისტორიას ეფუძნება. სწორედ მისი პერსონაჟის პატივსაცემად დაარქვა რობერტ რედფორდმა მოგვიანებით ცნობილ კინოფესტივალს სახელი. ფილმში რედფორდთან ერთად პოლ ნიუმენიც მონაწილეობს. წყვილი ხელისუფლების მიერ კუთხეში მოქცეული დამნაშავეების როლს ასრულებს. ფილმმა ოთხი „ოსკარი“ მოიპოვა.
„მეფის მთელი ამალა“ (1976)
ეს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური თრილერია, რომელიც დაფუძნებულია ჟურნალისტების, ბობ ვუდვორდისა და კარლ ბერნშტეინის წიგნზე, რომლებმაც 1973 წელს „ვაშინგტონ პოსტისთვის“ უოტერგეიტის სკანდალი გამოიძიეს. ფილმის რეჟისორი ალან პაკულაა, ხოლო ჟურნალისტების როლებს რობერტ რედფორდი და დასტინ ჰოფმანი ასრულებენ.
„როგორებიც ვიყავით (1973)
სიდნი პოლაკის რომანტიკული დრამა ორი საპირისპირო ადამიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. ბარბრა სტრეიზანდი კეიტი მოროსკის, ენერგიული ებრაელი მარქსისტის როლს ასრულებს, რომელსაც გამოხატული ანტისაომარი შეხედულებები აქვს. რობერტ რედფორდი თამაშობს პროტესტანტს, რომელსაც არ აქვს რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური შეხედულებები. ისინი ერთად სწავლობენ კოლეჯში, მაგრამ დამთავრების შემდეგ კარგავენ კავშირს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. ფილმმა ორი „ოსკარი“ მოიპოვა და ბოლო 100 წლის „100 საუკეთესო ამერიკული სასიყვარულო ფილმის“ სიაში მეექვსე ადგილი დაიკავა. ბარბრა სტრეიზანდის მიერ შესრულებული ამავე სახელწოდების საუნდტრეკი The Way We Were „გრემის“ დიდების დარბაზში შეიყვანეს და მან ამერიკის კინო ინსტიტუტის „100 საუკეთესო სიმღერის სიაში“ მერვე ადგილი დაიკავა.
„ცხენების მომთვინიერებელი“ (1998)
ეს ვესტერნული დრამა ამერიკელი მწერლის, ნიკოლას ევანსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. მისი რეჟისორია თავად რობერტ რედფორდია, რომელიც ასევე ცხენოსანი მწვრთნელის როლს ასრულებს. ის დაშავებულ გოგონას, რომლის როლსაც სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს და მის ცხენს, ტრაგიკული ავარიის შემდეგ გამოჯანმრთელებაში ეხმარება.
„გულთან ახლოს“ (1996)
შესანიშნავი დრამა გადაღებულია ჯონ ავნეტის მიერ, მთავარ როლებს რობერტ რედფორდი და მიშელ პფაიფერი თამაშობენ. ცნობილი ჟურნალისტის უორენ ჯასტისისა და ახალაბედა დამწყები რეპორტიორის, სალი ვოტერსის სიყვარულის ისტორია, რომელიც დღემდე ყველას გვახსოვს.