“უფლებების დარღვევა, მითუმეტეს, როცა ამას თან ძალადობა ახლავს, უმკაცრეს სამართლებრივ შეფასებას და სამართლერივ დევნას იმსახურებს,” – ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა, რითაც ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეების მიერ მერიის შენობაში განთავსებული საპირფარეშოები დაალაგების საკითხს გამოეხმაურა და ისიც თქვა, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ფაქტი, როცა მსგავსი შემთხვევა არასრულწლოვნებს ეხებათ.
„უფლებების შეზღუდვა, უფლებების დარღვევა, მითუმეტეს როცა ამას თან ახლავს ძალადობა, უმკაცრეს სამართლებრივ შეფასებას და სამართლებრივ დევნას იმსახურებს. რაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სენსიტიურია თემა, როცა არასრულწლოვნებს ვეხებით, ასეთ დროს საერთოდ ყოველგვარი ყურადღება, რეაგირება და სამართლებრივი შეფასება უნდა იყოს ორმაგად მკაცრი და მკაფიოდ გამოხატული,“- განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ჩხოროწყუს მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა საპირფარეშო დაასუფთავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა. შენობაში მოსწავლეები დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ინიციატივით მოხვდნენ.