საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომლითაც ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ეხმაურება.
არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ცალკეული ქვეყნების ელჩების განცხადებებიც შეაფასა და თქვა, რომ „თითის ქნევას თავი დაანებონ“.
„როდესაც პოლიციელს სილას აწნავ, ამით სილას აწნავ მთლიანად სახელმწიფოს. თავი დაანებონ თითის ქნევას. კეთილი ინებონ, გამოვიდნენ და თქვან, რას აკეთებენ თვითონ და როგორ რეაგირებენ საკუთარ ქვეყნებში ასეთი, ან მსგავსი ქმედებების მიმართულებით.
საინტერესოა, როგორი არის ევროპული სტანდარტი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თუ მაგალითად, ვინმე გაბედავს და სამართალდამცავს ხელს შემოარტყამს, რა რეაქცია ექნება, ზოგადად, სამართალდამცავ სისტემას. არ დაგვავიწყდეს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები მაგალითად, „ყვითელჟილეტიანების“ აქციების დროს, სადაც ათასობით ადამიანი დააკავეს. როდესაც საკუთარ ქვეყანაში იგივე ქმედებებზე უფრო მძიმე შედეგებით მთავრდება ხოლმე სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ჩვენ მოგვიწოდებენ და გვამუნათებენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ზუსტად ეს არის ორმაგი და სამმაგი სტანდარტი. როდესაც საკუთარ ქვეყნებში კიდევ უფრო მეტად მკაცრი კანონმდებლობა აქვთ, კიდევ უფრო მკაცრად სჯიან ხოლმე და პასუხისმგებლობას აკისრებენ ხოლმე ადამიანებს, რომლებიც უხეშად არღვევენ კანონს, ჩვენს მიმართ რატომ არის განსაკუთრებული შენიშვნები და განსაკუთრებული თითის ქნევები?
კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ, რომ თავი დაანებონ ასეთ განცხადებებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რადიკალურად სცდება მათ მანდატსაც და ელემენტარულად, სტრატეგიულ პარტნიორებს ქვეყნებს შორის ურთიერთობის სტანდარტში ასეთი რამ უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს“, – თქვა არჩილ გორდულაძემ.