რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია, მსახიობი ლაშა გურგენიძე.
დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, მანამ, სანამ თეატრალურზე ჩააბარებდი, სტომატოლოგობას გეგმავდი…
დედაჩემი ექიმი იყო, ფსიქოლოგი, კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული. ახლა დანტისტებს ისეთი შემოსავალი აქვთ… მსახიობობა ბავშვობიდანვე მინდოდა – ჯამბაზობა მსურდა. ჯამბაზი ვერ გამოვედი და მსახიობობას რაც შეეხება, ამას დრო გვიჩვენებს. როცა თეატრალურში მივედი, უარი მითხრეს, მემშვიდობებოდნენ, გამაჩერეს კართან და ლექსი წამაკითხეს, ტერენტი გრანელის „სიკვდილის შემდეგ“ წავიკითხე და მიმიღეს. ფასიანზე ჩავაბარე, თუმცა შემდეგ მაღალი ნიშნები მყავდა და სტიპენდია დამინიშნეს. წითელ დიპლომზე დავამთავრე. მართალია, დედა აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ის ჩემთანაა ჩემს ყოველ სპექტაკლზე, აქაც და გასტროლებზეც, მას ვუძღვნი ყველა სპექტაკლს.
რთული იყო საკუთარი თავის დამკვიდრება?
არავინ მყავდა, ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე. ჩემი პედაგოგის, გიორგი შალუტაშვილის დიდი მადლობელი ვარ, შემდეგ უკვე ავთო ვარსიმაშვილის. მთელი სტუდენტობა თავისუფალი თეატრის კიბეზე მაქვს გატარებული. ჩემი ოცნება იყო, რომ ამ სცენაზე მეთამაშა და ეს ოცნება ამიხდა. რაც შეეხება ჩემს პირველ როლს, „მექანიკურ ფორთოხალში“ კოსტას როლი მქონდა. როცა მაქებენ, ძალიან უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, კრიტიკა მირჩევნია. ჩემი დიდი სურვილია, ჩემ შემდეგ ერთი რაიმე ღირებული მაინც დავტოვო.
იყო დრო, როცა ძალიან დატვირთული იყავი და ბევრ ადგილზე მუშაობდი, დასუფთავების სამსახურშიც კი გააგზავნე სივი…
კი ასე იყო, ორი წლის შემდეგ დამირეკეს და მეეზოვის პოზიციაზე, გასაუბრებაზე დამიბარეს… უკვე ვმუშაობდი, ვუპასუხე, ადრე რომ დაგერეკათ, აუცილებლად დაგთანხმებოდით-მეთქი. არასდროს მეთაკილება ასეთი რაღაცების გაკეთება.
ლაშა და იუმორი…
მონოსპექტაკლებს ვდგამდი, პაროდიებს ვაკეთებდი ხოლმე, ვაცინებდი ყველას. ლენუკა ყიფშიძეს არაერთხელ შეშლია ჩემი ხმა ზურას ხმაში, მისთვის დამირეკავს კიდეც მამამისის ხმით.
შენ და შენმა მეუღლემ პანდემიის პერიოდში ვიდეოების გადაღება დაიწყეთ, რამაც დიდი პოპულარობა მოგიტანა, ძნელია პოპულარობა?
ძალიან სასიამოვნოა, როცა ადამიანები გცნობენ, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობაცაა. ასეთ დროს მეტად გმართებს რაღაცებზე დაკვირვება. როცა საზოგადოებას უყვარხარ, არ უნდა გაუცრუო იმედები. მე არ ვარ ცნობილი, ცნობილობამდე ბევრი მიკლია, აი, ცნობადი ვარ.
პირველი ქორწინებიდან ორი შვილი გყავს, ხომ არ სურთ შენს კვალზე წასვლა?
მადლობა ღმერთს – არა, ანო ახლა 14 წლისაა, ილია კი 11 წლის, თუმცა, ანო პატარა რომ იყო, ამბობდა, მსახიობი, მომღერალი და ბალერინა უნდა გამოვიდეო. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ გრაფიკული დიზაინერი გამოვიდეს, ძალიან კარგად ხატავს, ილია ფეხბურთით არის დაკავებული და მონაცემებიც აქვს. ჩემს პირველ მეუღლესთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, ის ფანტასტიკური ადამიანია.
ახალ მეორე მეუღლეზე გვესაუბრე…
თაკო ძალიან მიყვარს, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და სინათლე შემოიტანა. თაკოც გრაფიკული დიზაინერია და მინდა, ჩემს შვილს სწორედ მან ასწავლოს. ბავშვებს თაკო ძალიან უყვართ.