როგორ შევარჩიოთ კვერცხი ისე, რომ არ იყოს ჯანმრთელობისთვის საშიში და როგორ დავადგინოთ აღნიშნული პროდუქტი არის თუ არა ახალი?
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ კვერცხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვები ინგრედიენტია ნებისმიერი ადამიანისთვის, რადგან შეიცავს ძალიან ბევრ სასარგებლო ელემენტებს და არის ცილის ძალიან დიდი წყარო:
„ყველა ვხვდებით ბაზარზე ქარხნულად დამზადებულ, თუ ეგრეთ წოდებულ სოფლის კვერცხს. ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებს გვატყუებენ და ასაღებენ ისეთ კვერცხებს, რომლებიც საერთოდ შეხებაში არ არის სოფელთან, რადგან მუქი ფერის კვერცხი სრულებით არ ნიშნავს, რომ ის არის სოფლის, რადგან არსებობენ ქათმის ჯიშები, რომლებიც ასეთ კვერცხებს დებენ. ამიტომ თუ გვინდა სოფლის კვერცხი შევიძინოთ, უნდა ვიყიდოთ ისეთი ადამიანისგან, რომელიც ნამდვილად სოფელში ცხოვრობს და მას ვენდობით. სხვა შემთხვევაში შეიძლება დავრჩეთ მოტყუებულები და არსებობს კიდევ ერთი საფრთხე, რადგან სოფლის კვერცხი არ ვიცით როდის არის დამზადებული, ამიტომ სახლის პირობებში შეგვიძლია მარტივად დავადგინოთ ის ვადიანია თუ არა.
მოვათავსოთ კვერცხი წყლით სავსე ჭიქაში, თუ კვერცხი ძირზე მოთავსდა ეს კვერცხი ახალია, თუ ამოტივტივდა, მაშინ კვერცხი ძველია.
რაც შეეხება ქარხნულ კვერცხს, დამზადებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში კვერცხი შეიცავს ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებებს, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ამ პერიოდში მივირთმევთ. საქართველოს კანონმდებლობით, კვერცხის შენახვის ვადა ოთახის ტემპერატურაზე 20 დღეა, ხოლო სამაცივრე განყოფილებაში შენახვის ვადაა 30 დღე“ – ამბობს არაბული.
