ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა – მუცელია. ადამიანების უმეტესობა სწორედ მუცლის მოდუნებულ კუნთებს უჩივის, რასაც ჩვენი ცხოვრებისეული დინამიკა, რუტინა და სიზარმაცე განაპირობებს.
როგორც ჩანს, მუცლის პრესის დამუშავება ერთ-ერთი ყველაზე რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ვარჯიშის დაწყების შემთხვევაში უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის.
პრესის არაერთი ვარჯიშის ნახვა შეიძლება ინტერნეტში, თუმცა, არის კი ყველა ეფექტური? ჩვენ შევეცდებით რამდენიმე ძირითადი პუნქტი ჩამოვწეროთ, რომელსაც თუ გაითვალისწინებთ, სახლის პირობებში ვარჯიშის შემთხვევაშიც კი თქვენი სხეულის ყველაზე მოდუნებული ნაწილი მალე შეიძენს სექსუალურსა და ჯანმრთელ იერს.
სწორი ვარჯიშისთვის საჭიროა გაითვალისწინოთ:
– მუცლის პრესის ვარჯიშისას ყველამ არ იცის, რომ შედეგის მალე მისაღწევად, საჭიროა არა აწევისას წარმოქმნილი ინერციის გამოყენება, არამედ მუცლის პრესის სრულად დატვირთვა. აღნიშნული მხოლოდ ნელი ტემპით ვარჯიშისას მიიღწევა.
– აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვარჯიშის რუტინა და ერთი და იმავე სტილის მოძრაობები თანდათანობით ეფექტს კარგავს. მიზეზი კი კუნთის დატვირთვასთან შეჩვევაა. შედეგის მალე მისაღწევად სასურველია, გავზარდოთ სხვადასხვა სახის მოძრაობები პრესის ვარჯიშისას.
– პრესის ვარჯიშის ეფექტურად შესრულება შეუძლებელია სწორი სუნთქვის გარეშე, რომელიც დაწყებისას ჩასუნთქვით და აწევის შემდეგ ჰაერის სრული გამონთავისუფლებით უნდა მიმდინარეობდეს.
– პრესის ვარჯიშისას ხშირია კისრისა და ხერხემლის ტკივილი, რაც მარტივად შეიძლება მოგვარდეს კეფის ხელის გულებით დაჭერით, თუმცა ეს არასწორია. დამკვიდრებული ტრადიცია კეფის ხელის გულებით დაჭერასთან დაკავშირებით მცდარია და ვარჯიშს არაეფექტურს ხდის. მსგავსი ტიპის ქმედებისას, კეფის დაჭერა სასურველია ხელის თითებით. (თითის ბოლოებით)
– სწორი ვარჯიში ასევე მთლიანად დამოკიდებულია სხვადასხვა ეტაპებზე, რომელიც სხეულის პოზიციას, კუნთზე ზემოქმედებასა და მის გააქტიურებას ეხება. აღნიშნული დროთა განმავლობაში გამომუშავდება, თავდაპირველად კი საჭიროა ვარჯიშის სწორად განვითარება.
როგორც აღმოჩნდა, მუცლის პრესზე ყველაზე ცუდად მაინც ჯდომის პროცესი მოქმედებს. მეორე ადგილზე დგას საკვები, რომელიც ყველაზე ხშირად სისხლში გლუკოზის დონის გაზრდას იწვევს, რაც ცხიმოვანი მასის მომატებასთან პირდაპირ კავშირშია.
მუცლის ცხიმის წვისას რეკომენდებულია მეტი ბოსტნეული და ნაკლები ტკბილეული, ყოველდღიური ვარჯიში, ბევრი წყალი (და არა სითხე: ყავა, ჩაი, წვენი და ა.შ.) და ცოტაოდენი მონდომება, რომელიც შედეგის თანდათანობით მიღწევისას უფრო და უფრო გაიზრდება.