იტალიის დედაქალაქ რომში, ქართული თექისა და ნარუქის სახელოსნო „მწყემსის სახლი“ გაიხსნა.
როგორც ”ფორტუნას” სახელოსნოს მფლობელმა და თექის ოსტატმა ცისანა ქოთილაიძემ განუცხადა, სახელოსნო იტალიაში დასთან ერთად გახსნა და აქ საქართველოდან ჩასულ ემიგრანტებს ტრადიციული თუშური თექის დამუშავების გარდა, საკუთარი გამოგონების, „ნარუქი“-გან (აბრეშუმის ქაღალდი) სხვადასხვა აქსესუარების დამზადებას უფასოდ ასწავლიან.
”სახელოსნოს გახნის მიზანი ევროპაში ქართული თექის პოპულარიზაცია და ემიგრანტი ქართველების დასაქმებაა. სახელოსნოში 16 ემიგრანტი ქალია დასაქმებული, რომლებიც ამზადებენ თექის ნაბდებს, ხალიჩებს, პანოებს, პეიზაჟებს, აქსესუარებს, ტანსაცმელსა და სხვადასხვა სახის სუვენირებს”, – აღნიშნა ქოთილაიძემ.
მისივე ინფორმაციით, ნამუშევრების რეალიზაციის მიზნით ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრების მოძიების პროცესი და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან „მწყემსის სახლში“ შექმნილი პროდუქცია ევროპის ქვეყნებში გაიყიდება. ნამუშევრების გასაყიდი ფასი კი, ზომისა და დიზაინის მიხედვით, საშუალოდ 15-დან 8000 ევრომდე იქნება.

როგორც ცისანა ქოთილაიძემ განმარტა, სამომავლოდ რომში თექისა და ნარუქის ნამუშევრების მაღაზიის გახსნაც იგეგმება.
ცნობისთვის, დები ქოთილაიძეები საკუთარ სახელოსნოს 2000 წლიდან ფლობენ თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში, სადაც ახალგაზრდებს თექის დამუშავებას ასევე უფასოდ ასწავლიან. დები თექის ნამუშევრების დასამზადებლად ცხვრის მატყლს იყენებენ, რომელსაც ბუნებრივი საღებავებით სხვადასხვა ფერად ღებავენ. ქოთილაიძეების სახელოსნოში დამზადებულ პროდუქციას, ძირითადად, თუშეთში მიმავალი ტურისტები ყიდულობენ.

