LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს გააკეთა საქართველოში – ევროკავშირი კოორდინირებული სანქციების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს – ჟოზეფ ბორელი

122
ჟოზე ბორელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს საკუთარ ბლოგზე ვრცლად მიმოიხილავს და წერს, რომ რუსეთის მუქარის ფონზე, ევროკავშირი უნდა იყოს მტკიცე, ერთიანი და ყველაზე მთავარია, რომ უნდა იმოქმედოს.

როგორც ბორელი აღნიშნავს, რუსეთმა  აშშ-ს და ნატო-ს წინადადებები ევროპის მომავალ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაუგზავნა, რომლებიც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„ამას თან ახლავს უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზაცია და მუქარა რუსეთისგან, რომ მისი მოთხოვნები თუ არ შესრულდება, ის სამხედრო ძალას გამოიყენებს. ორი რამ ცხადია – ჩვენ უნდა გამოვიდეთ ევროკავშირის ერთიანი პოზიციით, რომელიც განმტკიცებული იქნება კონკრეტული ქმედებებით“, – წერს ჟოზეფ ბორელი და იქვე დასძენს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გაიმართება, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის თქმით, „რუსეთი ცდილობს, გამოიწვიოს ცივი ომის შემდგომ წარმოქმნილი პოლიტიკური წესრიგი“.

„არსებობს სამი პრინციპი, რომელსაც რუსეთი წარსულში დაეთანხმა და ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პირველი არის ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ, სურთ თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, შეთანხმებასა თუ ალიანსში ყოფნა, როგორც ეს პარიზის ქარტიით არის განსაზღვრული.

ამ ფუნდამენტური პრინციპის ეჭვქვეშ დაყენებით მოსკოვი იქცევა, როგორც რევიზიონისტული ძალა. რუსეთის თვალთახედვით, ეს აკრძალვა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ ქვეყნებს ეხება, არამედ ევროკავშირის წევრ შვედეთსა და ფინეთსაც.

მეორე და მესამე არის ძალის გამოუყენებლობა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. რუსეთი არღვევს ამ სამ ფუნდამენტურ პრინციპს უკრაინაში, ისევე როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში.

რუსეთი არა მხოლოდ განცხადებებს აკეთებს, არამედ ამას თან ურთავს მზარდ სამხედრო ზეწოლას უკრაინის საზღვარზე და ემუქრება კიევს ახალი ინტერვენციით, ვიდრე მოსკოვის ყველა მოთხოვნა არ შესრულდება“, – წერს ჟოზეფ ბორელი.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების მეთაურის თქმით, ამასთან ერთად, რუსეთი ცდილობს, ევროკავშირი „არარელევანტურ“ ორგანიზაციად წარმოაჩინოს და გაწყვიტოს აშშ-ისა და ევროპის სტრატეგიული კავშირი.

„რუსეთს სურს, ჩვენ დავთანხმდეთ მის გადამწყვეტ გავლენას უკრაინაში, ბელარუსში, რომ არაფერი ვთქვათ ცენტრალურ აზიაზე. ცენტრალური აზია რომ შედის რუსეთის მიერ წარდგენილ რუსეთის უსაფრთხოების პერიმეტრში, ცხადყოფს, რომ ნატო-ს საკითხი არის მხოლოდ საბაბი, რადგან ცენტრალური აზიის ქვეყნები არ არიან ნატო-ს წევრობის კანდიდატები“, – წერს დიპლომატი.

მისი თქმით, რუსეთის სტრატეგიული ამოცანა შესაძლოა, იყოს ევროპაში საბჭოთა გეოპოლიტიკური ზღუდის აღდგენა და ევროპისა და აშშ-ის დაშორება. ბორელის განცხადებით, ეს მიუღებელია, მაგრამ რუსეთთან დიალოგი მაინც აუცილებელია.

დიპლომატი ასევე წერს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ რუსეთის ნებისმიერ აგრესიას საფასური და შედეგი მოჰყვება. ბორელის თქმით, ევროკავშირს უნდა იყოს მზად კოორდინირებული სანქციების დაწესებისთვის და სხვა ქმედებებისთვის.

„ჩვენ არ ვართ სამხედრო კავშირი, მაგრამ ევროკავშირს აქვს გზები, საშუალებები საკუთარი და პარტნიორების უსაფრთხოების ინტერესების წინ წასაწევად.

ნატო-სთან და ეუთო-სთან ერთად, ევროკავშირი ევროპის უსაფრთხოების გადამწყვეტი მოთამაშე გახლავთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა რუსეთთან კრიზისის დროს, რათა განვამტკიცოთ ერთობა, რომ დავიცვათ ჩვენი და მთელი კონტინენტის უსაფრთხოების ინტერესები“, – ნათქვამია ბორელის ბლოგის ამონარიდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g