„რუსეთთან დაკავშირებული სიცრუე საბოლოოდ დასრულდა,“ – ამის შესახებ განცხადებას ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აკეთებს.
„სამწლიანი ტყუილის, ცილისწამებისა და ჭორების შემდეგ, რუსეთთან დაკავშირებული სიცრუე და შეთქმულება დასრულებულია,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა, მიჩიგანის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, „რუსეთის საქმის“ გამოძიებამ ამერიკა დააზიანა. მან რუსეთთან კავშირში დადანაშაულებისთვის მოწინააღდეგეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე ილაპარაკა. „ისინი ავადმყოფი ხალხია და პასუხისმგებლები უნდა იყვნენ, რადგან ეს ყველაფერი ტყუილია და მათ იციან, რომ ეს ტყუილია,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
23 მარტს აშშ-ის სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიება დასრულდა, რომელიც 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას ტრამპის რუსული კავშირების საქმეს სწავლობდა. პროკურატურამ ტრამპის და კრემლის პირდაპირი კავშირი ვერ დაამტკიცა.