რუსკა მაყაშვილმა ambebi.ge-სა და „პალიტრა ნიუსის“ „სახალხო ინტერვიუს“ შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთმა უცნობმა გამომწერმა მას დაუსვა კითხვა, როგორია მისთვის მარტოხელა დედობა:
„მარტოხელა დედობა“ იცით, როგორი სიტყვებია? რომ ჩაუღრმავდე, ყველა დედა მარტოხელა მგონია იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი ძალა მაინც შენშია. ვცდილობ, დავუსხლტე ამ შეკითხვას, სადღაც არ მიმაჩნია, რომ მარტოხელა დედა ვარ და ვერ ვხსნი, რატომ… ალბათ იმიტომ ვთვლი ასე, რომ ვარ კარგი დედა და ამას გულწრფელად ვამბობ. ყველა დედა ასე უნდა თვლიდეს, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი შვილი ჰყავს. ყველა დედა კარგია. ჩემი მხრიდან, თუ შემიძლია შევაქო ჩემი თავი, აუცილებლად შევაქებ და ვიტყვი, რომ როდესაც ამ ორ ადამიანზე, მათ კარგად ყოფნაზე ვფიქრობ, ყველაფერი მათით იწყება და მთავრდება. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ – როგორ, რანაირად… სწორად მინდა ავხსნა და ჩამოვაყალიბო, რატომ მგონია, რომ კარგი დედა ვარ. იმიტომ, რომ ამ ყველაფერს მარტო ჩემი შვილებისთვის კი არა, ჩვენი სამეულისთვის ვაკეთებ, რათა სამივე ძალიან კომფორტულად ვიყოთ. მარტო იმას კი არ ვაკეთებ, რაც მათ მოსწონთ, და არც ისინი აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც მე მომწონს. ვცდილობ, ერთად რაღაცნაირი გუნდი ვიყოთ – მე და ჩემი შვილები. ვთვლი, რომ კი, კარგი დედა ვარ. ქალი, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი შვილებისთვის, ყველაზე კარგი დედაა… ზოგადად მგონია, რომ პოტენციურად ყველა კარგი დედაა, გააჩნია, როგორ და რანაირად ვითარდება მერე მოვლენები და ცხოვრება“, აღნიშნავს რუსკა ინტერვიუში.
