„სააკაშვილი ხედავს, რომ ძველ სახეებს ავტორიტეტი არ აქვთ, სხვათა შორის, არც სოფო ჯაფარიძეს, რომელიც მისი დავალებით, კბილებს აცლიდა საზოგადოების დიდ ნაწილს და ასეთი არაჰოლივუდური ღიმილით დატოვა,“ – ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
„მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე” – მიხეილ სააკაშვილი
მისი შეფასებით, სააკაშვილის განცხადებები „არაადეკვატურია.“
„დიდი ქაოსი – შეიძლება ერთი მოკლე სათაური ეწოდოს იმ ვითარებას, რაც „ნაცმოძრაობაშია“ შექმნილი.
ერთი მეორეს გამორიცხავს, რაც სააკაშვილს აქამდე უკეთებია, კერძოდ, რომ დემენცია ჰქონდა, გარდაცვალების პირას იყო და გვამური ლაქები შეემჩნეოდა, ამაზე იყო საუბარი მისი უშუალო გარემოცვიდან, ოჯახიდან და ადვოკატებიდან.
ეს გარკვეული სტრატეგიული ამოცანისთვის სჭირდებოდა. დღეს ვითარება შეიცვალა და სააკაშვილს უნდა, რომ ყველა გაწიოს გვერდზე, არავინ თქვას, რომ თავადაა ავტორიტეტი და სააკაშვილი არ არის ერთადერთი და განუმეორებელი. არც არაფერი არ ჭირს, არც გვამური ლაქები აქვს, არც დემენცია და ენერგიულად და მხნედ არის. ძველი სახეები მისთვის ხან მისაღებია, ხან – მიუღებელი, რადგან მერე ფიქრობს, ვიღაცას ისე არ აწყენინოს, თავად არ აღმოჩნდეს „ოფსაიდში.“
არეულობას და ქაოსს უმატებს თავის განცხადებებით იმ ვითარებას, რაც ისედაც მძიმეა (მის პარტიაში). არც იმას ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს სერიოზული დაფინანსება აქვს კეზერაშვილისგან, რომელიც რეალურად მმართველია დღეს მერაბიშვილთან ერთად „ნაცმოძრაობისა,“ ამ ვითარებაში მისი განცხადება არაადეკვატურია დღეს და ვერანაირ კომენტარს უფრო მეტს, ვიდრე გავაკეთე, ვერ გავაკეთებ.
რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, ის ხედავს, რომ ძველ სახეებს მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო, არ აქვს ავტორიტეტი საზოგადოებაში, არც ხაბეიშვილს, არც მელიას და არც უამრავ ხალხს, რომელიც ამ ცალკეული პიროვნებების გარშემოა შეკრებილი,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
