LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

74
Untitled design

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები დამტკიცებულია.

ცვლილებები “საერთო სასამართლოების შესახებ”კანონში საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილეს.

ცვლილებებს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცვლილებების მიხედვით, აღნიშნულ კანონში ახლებურად წესრიგდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურის შემდეგი საკითხები:

◼  ცვლილებების პროექტის მიხედვით, ინფორმაცია იმის შესახებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელმა წევრმა, რომელი კანდიდატი რა შედეგით შეაფასა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით – ხდება საჯარო და ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე;

◼  თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არ შეაფასებს ყველა კანდიდატს და აღნიშნულ შეფასებებს დასაბუთებებთან ერთად არ გადასცემს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, ჩაითვლება, რომ ის არ მონაწილეობს კანდიდატების შეფასების პროცედურაში, შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები გაუქმდება;

◼  ახალი ინიციატივის მიხედვით, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ბოლო ეტაპზე გადამსვლელ კანდიდატთა სიის შედგენის წესი. ამ სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეადგენს არა კენჭისყრის შედეგად, არამედ კანდიდატთა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას, მათ მიერ დაგროვებული საუკეთესო სარეიტინგო ქულების მიხედვით;

◼  პროექტში აღნიშნულია, რომ იცვლება პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კენჭისყრის გამართვის წესი, რითაც უზრუნველყოფილი იქნება, რომ პარლამენტს წარედგინოს მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას საუკეთესო შედეგები მიიღეს;

◼  კანონპროექტით გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულებაც, მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა იგი კანდიდატს. ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საბჭოს რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი კენჭისყრაში და კენჭისყრისას, დაფიქსირებული პოზიციების დასაბუთება იქნება საჯარო და გამოქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე;

ცვლილებების ინიციატორთა განმარტებით, კანონში ასევე ნათლად იქნება მითითებული, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების საჯარო მოსმენა ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით უნდა გაიმართოს.