LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საღამოს მოწყობის იდეა მამას კონცერტის შემდეგ გაგვიჩნდა, რომელიც მის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა, ორგანიზება კი, მაკამ ითავა” – 12 დეკემბერს დუეტი „ჯორჯია“ 15 წლის იუბილეს მართავს

16
დუეტი-ჯორჯია

17 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც 12 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს და ახალი სიმღერა „დამამახსოვრდი“ წარმოადგინეს.

– რატი, როგორ ემზადებით კონცერტისთვის?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ძალიან რთულია კონცერტის ორგანიზება, თუმცა ჩვენ მაინც შემართებით ვართ და აქტიურად ვემზადებით, მით უფრო, რომ მეც და მაკასაც სერიოზული სირთულეები გვაქვს – მე ტექსტის დამახსოვრება მიჭირს, მაკას კი, მიკროფონთან უჭირს ურთიერთობა და სულ ვჩხუბობთ. კონცერტს დამოუკიდებლად, მხოლოდ მეგობრების დახმარებით ვაკეთებთ, ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაკას, რომელიც მართლაც არაჩვეულებრივი გოგოა. საღამოს მოწყობის იდეა მამას კონცერტის შემდეგ გაგვიჩნდა, რომელიც მის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა, ორგანიზება კი, მაკამ ითავა. მიხარია, რომ ბილეთები ჩვენს კონცერტზე ძალიან სწრაფად იყიდება. ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარეთ, ნაკლები მოსაწვევი დავუშვით, რადგან გვინდოდა გაგვეგო პუბლიკა რამდენად ინტერესდება ჩვენი გამოსვლით, ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თაყვანისმცემელს, რადგან სწორედ მათი სიყვარულია ჩვენთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე. ძალიან ვემადლიერებით კულტურის სამინისტროს და მერიას, რადგან მათი დახმარების ვერაფერს ვერ გავაკეთებდით.

– მაკა, რამდენად რთული იყო ბატონი ვაჟას კონცერტის მოწყობა?

– ძალიან რთული, რადგან ყველაფერი უნდა გამეთვალისწინებინა. ისე ვღელავდი, რომ მარიამ მამისმედაშვილის ნაცვლად ლიკა დოლიძე გამოვაცხადე და ძალიან დავაბნიე ბენდი, რომელმაც აღარ იცოდა რა დაეკრა. ახლაც ძალიან ვნერვიულობ, რაიმე მსგავსი არ დამემართოს. მიხარია, რომ ბატონი ვაჟა დღესაც ძალიან პოპულარულია, მის ძველ სიმღერებს კი, ახალი თაობა, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეები ასრულებენ.

– ახალი კონცერტისთვის ხომ არ მიგიღიათ საჩუქრად მამას სიმღერა?

(რატი დურგლიშვილი) ყოველთვის თავისუფლად შეგვიძლია მამას სიმღერების საკუთარი ვერსიით გაკეთება. მართალია, სხვების მიმართ ძალიან პრეტენზიულია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე გვენდობა. მამას შემოქმედება ძალიან ახლობელია ხალხისთვის, ამიტომ ყოველთვის პოპულარობით სარგებლობს.

(მაკა ზამბახიძე) 2024 წელს ბატონი ვაჟას რამდენიმე სიმღერის გაკეთებას ვგეგმავთ, რადგან ძალიან მოგწონს მისი შემოქმედება.

– რატომ გადაწყვიტეთ სიმღერის „დამამახსოვრდი“ ახალი ვერსიის გაკეთება?

(რატი დურგლიშვილი) „დამამახსოვრდი“ ყველაზე მეტად მელომანებს, კომპოზიტორებს ანუ მათ მოსწონთ, ვისაც კარგად ესმის მუსიკა.

(მაკა ზამბახიძე) პუბლიკამ ნაკლებად აიტაცა სიმღერა, რაზეც ძალიან გული მწყდება. ალბათ, გარკვეული დროა საჭირო, რათა ხალხმაც შეიყვაროს.

– ვინ მიიღებს მონაწილეობს კონცერტში?

(მაკა ზამბახიძე) კონცერტში ჩვენი ბენდი, ჩემი მეგობრები ანა ჭუმბურიძე, თათა ოქრუაშვილი, ჩემი შვილი სალომე ჩიტაძე, რატის მამიდაშვილი ნიკუშა გოგვაძე, ლელა წურწუმია და სიმფონიური ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. აუცილებლად შესრულდება ახალი სიმღერაც, რომელიც რატის ავტორობით შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები