LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ასათიანი: „დღეს ბერლინში ვნახე ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ” და ბოლოს როდის ვიყავი ასე სავსე შთაბეჭდილებით და ემოციით,  ვერც ვიხსენებ…“

558
salomeasatiani455

ტელეჟურნალისტი სალომე ასათიანი, რომელიც ამჟამად ბერლინში იმყოფება, წერს ქართული ფილმის „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“ შესახებ, რომელიც იქ ნახა და დიდ შთაბეჭდილებებს ვრცელ პოსტში აზიარებს.

„კი ვიცი, რომ თბილისში ახლა გძინავთ, მაგრამ ვერ მოვითმენ დილამდე. დღეს ბერლინში ვნახე ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ” და ბოლოს როდის ვიყავი ასე სავსე შთაბეჭდილებით და ემოციით,  ვერც ვიხსენებ. არ მეგონა, დღეს საერთოდ თუ შეიძლებოდა ასეთი ორიგინალური და ლაღი კინოს გადაღება. რაღაცნაირად უბოდიშოდ თბილი, ლირიკული, მგრძნობიარე, უცნაური და სევდიანი ზღაპრის, გათვალული შეყვარებულებით, მაწანწალა ძაღლებით, ბევრი ნაყინით, ბავშვებით და ფეხბურთით. და ქუთაისით, რომელიც თან ნაცნობია და თან უცხო, თან ძველია და თან ახალი. ეს კინო ერთდროულად ძალიან გაბედულია, ექსპერიმენტული და თან საოცრად სადაა, და ეს კომბინაცია უჩვეულოა და მომნუსხველი. სრული სიგიჟეა ფილმის მთხრობელი  – რომელიც ხან ფოკუსებს გვიტარებს, ხან შორეულ აპოკალიპტურ სცენებზე გვიყვება, ხან კარგი მეგობარივით გვიხსნის გულს და ხანაც სევდიანად თვითირონიული ხდება. მსახიობებიც საოცარი – გიორგი ბოჭორიშვილი, რომელსაც დიდი ხანია ვგულშემატკივრობ, ანი ქარსელაძე და აბსოლუტურად ბრწყინვალე ვახტანგ ფანჩულიძე, რომელიც, როგორც მეგობრებმა მითხრეს, “სიყვარული ყველას უნდადან” გვახსოვს. ყველაფერთან ერთად, ფილმის ერთ-ერთი მთავარი სახეა რიონი – და მიმდინარე მოვლენები ამ კინოს კიდევ სხვა, მწვავე და მტკივნეულ განზომილებას აძლევს. პრემიერაც ასე გახსნა რეჟისორმა – რიონის ხეობის მცველებისთვის სოლიდარობის გამოცხადებით. ძალიან გახარებული ვარ, მოკლედ. კიდევ ბევრი მინდა დავწერო, მაგრამ სადღაც უნდა გავჩერდე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები