„ძალიან რთული მოსასმენი იყო პრემიერი გამოსვლა, რომელმაც ისევ ბევრი ტყუილების თქმა აირჩია, იმის მაგივრად, რომ რაიმე მიღწევებზე ესაუბრა“, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაბარებული პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით გამოსვლა შეაფასა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენისას საქართველოს მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა.
„სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა საკუთარი სამშობლოს მიმართ და მიხვდი, რომ ძალიან სწორი მოთხოვნაა ევროკავშირის მხრიდან, როდესაც გვთხოვენ დეოლიგარქიზაციას, რადგან ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს..
თქვენი ხელისუფლების ერთადერთი მიღწევა ის იყო, რომ ძალიან უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის ქვეშ ხელი მოაწერეთ იმ შეთანხმებებზე, რომელზედაც იმუშავა თქვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ და სულ მაინტერესებდა, შალახო რატომ აირჩიეთ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისას, უცნაური გემოვნება გაქვთ“, – მიმართა პრემიერს სალომე სამადაშვილმა.
დღეს, 18 ნოემბერს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ.
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხებს.
შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
