„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და მათი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ პირდაპირ ფრონტალურ შტურმზეა გადასული. კაპანაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით.
„ისინი მარტო არიან დარჩენილები, აბსოლუტურად არავინ იზიარებს მათ პოზიციას. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებისა და შეფასებების დროსაც. ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ამოეფაროს „ქალის საკითხს“ თითქოს მას არ იცავენ, ეს არასერიოზულია, მან დაიმსახურა კრიტიკა, რადგან ქსენოფობიური განცხადებები გააკეთა, მან გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვნებს. ის საბოლოო ჯამში არის კანდიდატი, რომელიც ჩემი აზრით, ქვეყნისთვის იქნება დამღუპველი. ძალიან კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამას სწორედ ასე აფასებენ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, ქსენოფობიური განცხადებებისგან თავი შეიკავოს.
