საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, ახალი არჩევნების მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნას.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი 31 მარტისთვის აქციას ამზადებს.
„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად შეიქმნას საერთო საკოორდინაციო ფრონტი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მოიცავს, არამედ სამოქალაქო და საპროტესტო ნაწილს – ამაზე მუშაობს.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი 31 მარტისთვის აქციას ამზადებს, ამაზე ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ.
გარდა ამისა, გავიარეთ ყველა საკითხი, რაც ახალი არჩევნების მომზადებას უკავშირებდა, მათ შორის, არის: პოლიტიკური პატიმრები, საკანონმდებლო ბაზა – ის, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ შემდგომ ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ – ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენი ფოკუსი რჩება ახალ არჩევნებზე, მგონია, რომ ახალ არჩევნებს მივაღწევთ“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
კითხვაზე, მიიღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი და ამის განხილვაც კი ცუდად იმოქმედებს საპროტესტო განწყობაზე. მისვე თქმით, „ეს არის სიგიჟე“.
„სრულ უაზრობად მივიჩნევთ იმის გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობა, როდესაც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ვამზადებთ. მართლა შესაძლებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა თუ ჩვენ შევძელით და ამ კრიზისმა შინაარსი შეიძინა, რაც საპროტესტო მოთხოვნას აქვს. თუ ჩვენ თვითონ დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი, ცუდად იმოქმედებს საპროტესტო განწყობაზე. ეს არის სიგიჟე. ჩვენ არ შეგვიქმნია კრიზისი. კრიზი შექმნა პროტესტმა, რომელიც ქუჩაში დგას. მათი დაკვეთა არ არის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და განხილვაც კი“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.