„ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარლამენტში მთავრობის 4 წევრის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენისას მთავარი კითხვა ექნება, განაცხადის წარუმატებლობის შემთხვევაში, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობის აღებას.
მისი თქმით, ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განაცხადის წარმატებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„შეკითხვა მექნება როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე პრემიერთან, მიიჩნევენ თუ არა, რომ განაცხადის წარუმატებლობის შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მთელი მთავრობა პრემიერ-მინისტრიანად უნდა გადადგეს?
მთავარი შეკითხვა არის, თუ რა მოლოდინი არსებობს ხელისუფლების მხრიდან განაცხადის წარმატებასთან დაკავშირებით. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და თუ ამ სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს, გვაინტერესებს, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას,“ – განაცხადა სამადაშვილმა.
ამასთან, როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, განაცხადის წარმატების შანსებს აზიანებს მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საქართველომ კიდევ ერთი გაფრთხილება ამჯერად საფრანგეთის პრეზიდენტისგან მიიღო, რომლის 26 მაისის მისალოც განცხადებაში ჩანს, რომ სანქციებთან დაკავშირებით ის საქართველოსგან განსხვავებულ პოზიციას ელოდება.
„საუბარი იმაზე არ არის, უერთდება თუ არა სანქციების რეჟიმს, საუბარია იმაზე, რომ ის თავს ესხმის ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას. მიზანმიმართულად და მრავალჯერ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ საქართველო არ უნდა გახდეს შავი ხვრელი,“ – განაცხადა სამადაშვილმა.
ევროკავშირი, უკრაინის ომი და რუსეთის სანქციები – დღეს პარლამენტში პრემიერსა და 3 მინისტრს მოუსმენენ
