სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადებს პატიმრებს, განსაკუთრებით “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელსა და ბათუმელ მედროშე თემურ ქათამაძეს, რომლებიც პატიმრობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობენ და განაცხადეს, რომ ყველა ექიმი, სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელი, რომელთა ვალდებულება არის ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა, აუცილებელია, 15 თებერვალს, 18:00 საათზე ევროპის მოედანზე იყოს გამოცხადებული.
“დღეს შევიკრიბეთ სამედიცინო საზოგადოება სოლიდარობისთვის იმ ყველა პოლიტპატიმრის მიმართ, რომელიც დღეს ტყვედ ჰყავს აყვანილი ჩვენს სახელმწიფოს და, რა თქმა უნდა, ქალბატონი მზია ამაღლობელის სოლიდარობისთვის, აუცილებლად, რომელიც 33-ე დღეა, შიმშილობს და ის იმსახურებს, ნამდვილად, თავისუფლებას, ის უკანონოდ არის დაპატიმრებული.
აუცილებლად უნდა შევეხოთ ბატონ თემურ ქათამაძის – ბათუმელი მედროშეს შიმშილობასაც, რომლის ჯანმრთელობას ნელ-ნელა ექმნება საფრთხე და ისევე, როგორც ქალბატონი მზიასთან აუცილებლად უნდა იყოს კონსილიუმი შექმნილი, რომელიც მის ჯანმრთელობას მიაქცევს ყურადღებას და ჩვენ გვექნება ამის შესახებ ინფორმაცია.
ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი უფრო ინფორმაციულია და შეეხება იმ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც იგეგმება 15 თებერვალს, 18:00 საათზე ევროპის მოედანზე და მე მოვუწოდებ თითოეულ ჩემს კოლეგას, სამედიცინო საზოგადოებას, რომ აუცილებლად უნდა გამოვფხიზლდეთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ საქართველოს სწორ მხარეს ქართველო მოსახლეობასთან ერთად იმისათვის, რომ მივიღოთ იმ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე პასუხი, რომელიც დგას დღეს ჩვენს ქვეყანაში და, ფაქტობრივად, კრიზისში არის შესული სახელმწიფო.
მნიშვნელოვანია ახალი არჩევნები და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, რომელიც დღეს იმყოფება ტყვეობაში, შესაბამისად, ყველა ექიმს, სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს, რომელთა ვალდებულება არის ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა, აუცილებელია, 15 თებერვალს, 18:00 საათზე ევროპის მოედანზე იყოს გამოცხადებული. ჩვენ გვაქვს მრავალი პეტიცია უკვე დაწერილი, რომელსაც ხელს აწერს ათასზე მეტი ექიმი და 18 სამედიცინო ასოციაცია, რომელიც დგას ქართველი ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში და მუდამ იქნება მანამ, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ იმ მნიშვნელოვან საწადელს, რომელსაც ჰქვია ხელახალი არჩევნები და ტყვე პატიმრების გათავისუფლება”, – განაცხადა ექიმმა ლაშა უჩავამ.