LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი საჩოგბურთო კორტი, საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი, კაფე და დასასვენებელი სივრცეები – მერიამ ჩოგბურთის ყოფილი კორტების განვითარების კონცეფცია წარადგინა

555
kaladze-ipodromi

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჩოგბურთის ყოფილი კორტების განვითარების კონცეფცია წარადგინა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია 2009 წელს კორპუსების მშენებლობის მიზნით იყო პრივატიზებული, თუმცა, მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა საკუთრებაში, შემდეგ კი სპორტული კომპლექსის განვითარების პირობით, ხელახალი პრივატიზება განახორციელა:

“ეს ტერიტორია, სადაც წლების წინ იყო კორტები, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა, 2009 წელს გასხვისდა, კორპუსების მშენებლობის მიზნით, წინა ხელისუფლების პირობებში. ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია იმისთვის, რომ ეს ტერიტორია დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. ინვესტორ კომპანიასთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და მოხდა ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა, რაც საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა მუნიციპალიტეტს.

ამის შემდეგ გამოვაცხადეთ აუქციონი კონკრეტული ვალდებულებით, რომ გამარჯვებულ კომპანიას აუცილებლად უნდა გაეკეთებინა კორტების პროექტი საცურაო აუზით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა სხდომაზე ტერიტორიის სამომავალო განვითარების ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა:

“მოეწყობა სამი საჩოგბურთო კორტი, მათგან ორი დახურული და ერთი – ღია; 50-მეტრიანი საცურაო აუზი, ფიტნესკლუბი, კაფე, დასასვენებელი სივრცეები. ძალიან ლამაზი პროექტია და არსებულ სივრცეს ძალიან მოუხდება. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა, ძალიან მალე გვექნება ყოველმხრივ მოწესრიგებული სივრცე. ეს პროექტი ძალიან კარგად ჯდება არსებულ ურბანულ ქსოვილში და მივესალმებით მის განხორციელებას. როგორც მოსახლეობას დავპირდით, კორტები იქნება აღდგენილი, მას დაემატება საცურაო აუზი, ფიტნესზონა და დასასვენებელი სივრცეები”, – განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g