მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი სამმაგი ოდენობით იზრდება.
ეკონომიკურ პორტალ bpn.ge-ს ინფორმაციით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე მოცემულია კონკრეტული სქემა, თუ რამდენით გაიზრდება აქციზი სხვადასხვა წელს გამოშვებულ ავტომობილებზე.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით განისაზღვრება.
პროექტში აღნიშნულია, რომ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს ემატება მე-100 ნაწილი, რომლის თანახმად, გარდამავალ პერიოდში მსუბუქი ავტომობილები დაიბეგრება აქციზის განაკვეთების ცვლილებამდე არსებული განაკვეთით, თუ შეძენილი ავტომობილის ტრანსპორტირება დაწყებულია არა უგვიანეს 2016 წლის 1 დეკემბრისა.