თბილისში საზარელი მკვლელობა მოხდა.
31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი, ნაქირავები მანქანით, გლდანის ხევში გადააგდო.
ლაჩაშვილს პატიმრობა დღეს, 7 ივნისს შეეფარდა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდაცვლილ მარიტა მაზიაშვილს 11 წლის შვილი, თეკლა დარჩა. მოკლულ გოგონას, ახლობლები დადებით და თბილ ადამიანად ახასიათებენ.
როგორც ერთ-ერთი ახლობელი ჰყვება, მარიტა სულ მუშაობდა და ამ გზით ცდილობდა უზრუნველეყო 11 წლის შვილი.
მარიტა მაზიაშვილის ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, საქმის დეტალებზე „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს:
– არა მგონია, მხოლოდ მე ვიყო შოკში მარიტას გარდაცვალების გამო. ვინც მას იცნობდა, დამეთანხმება, რომ ასეთი ლაღი, სიკეთით სავსე, მუდამ დასახმარებლად მზადმყოფი ადამიანი იშვიათია, ასევე – უსაზღვროდ მშრომელი და მოსიყვარულე დედა. თავისი 11 წლის თეკლასთვის არაფერი ენანებოდა. ერთადერთი შეცდომა, რაც მან დაუშვა, ალბათ, 16 წლის ასაკში იმ ნაძირალაზე გათხოვება იყო, რომელმაც შეიწირა. მარიტა მას შემდეგ ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა თავისი შრომით. ბოლოს ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში მუშაობდა, სადაც ასევე ყველას სიყვარული დაიმსახურა. შვილის გაზრდაში კი მას მშობლები ეხმარებოდნენ. ქმართან განქორწინების შემდეგ ის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. რაც შეეხება მკვლელს, მასთან მარიტა დიდი ხნის გაშორებული იყო. ამ დროს პატარა თეკლა საბავშვო ბაღის დაბალ ჯგუფში დადიოდა. მარიტა მაშინ ამბობდა, თეკლა ბაღს ჯერ კიდევ შეუჩვეველია, ალბათ, მე ვენატრებიო და ბავშვი ბაღიდან დროზე ადრე გამოჰყავდა, სამსახურში მიჰყავდა ხოლმე, შემდეგ დედა-შვილი ერთად მიდიოდა შინ.
– გარდაცვლილის ყოფილმა ქმარმა აიყვანა ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ ბრალდებული ფსიქიკურად არის დაავადებული და ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა.
– თუ ამას იმიტომ აკეთებს, რომ პატიმრობა აარიდოს, მაშინ უსამართლო კანონმდებლობა გვქონია და ყველა საფრთხის ქვეშ ვართ. პირადად ვიცნობ ამ კაცს, ის გამორჩეული იმით არის, რომ არამზადა და უსაქმურია; თავის სიცოცხლეში, კომპიუტერთან ჯდომის გარდა, არაფერი გაუკეთებია და არც აპირებდა გაკეთებას. ფსიქიკურად გაუწონასწორებლობას არ ამჟღავნებდა. ყოველ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ადამიანმა ამდენი რამ მოიფიქროს – ავტომანქანა იქირაოს, თოკი მოიმზადოს ყოფილი ცოლის დასახრჩობად; მანამდე კი ისე დატკბეს, რომ ყოფილი ცოლი, რომელსაც მასთან კონტაქტი არ სიამოვნებს, ავტომანქანაში ჩაჯდომაზე დაითანხმოს.
ასეთი ფსიქიკურად გაუწონასწორებლობა ჩემთვის წარმოუდგენელია.
ფსიქიკურად გაუწონასწორებელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი იმდენს როგორ მოიფიქრებდა, რომ გოგო დაახრჩო, გვამი მანქანაში მანამდე დამალა, სანამ შეუმჩნეველ ადგილას, ღრმა ხევში არ გადააგდებდა, სადაც უამრავი ძაღლი დადის. ძაღლებისთვის?! როგორც ვიცი, გვამი შემთხვევით გამვლელმა აღმოაჩინა, თორემ რამდენიმე ხანში, ძაღლების გამო, ალბათ იქ აღარც იქნებოდა.
ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა მარიტას და მხოლოდ მეოთხე დღეს იპოვეს ასეთ მდგომარეობაში.
სტატიას ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ