„სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს სოციალურ ქსელში, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ეხმაურება.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა, არცერთი გადაწყვეტილება თუ რეზოლუცია გასაკვირი არ არის.
„რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები, მას, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს, ამ ჯგუფების ჩართულობით, PACE-მ, მისი რეზოლუციით, ადამიანების წამებისა და ბიზნესის რეკეტის კორუფციული სისტემის შემქმნელი სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არცერთი გადაწყვეტილება თუ რეზოლუცია, უკვე გასაკვირი არ არის.
„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს
ასევე, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, PACE-ს მიერ ქართველი ხალხის სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციის მიღების შემდეგ, PACE-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ყველა წევრმა დელეგაცია დატოვა. დღეს, საქართველოს პარლამენტს, PACE-ში დელეგაცია არ ჰყავს. ასე რომ, რა თქმა უნდა, დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც განხილული ვერ იქნება“, – წერს პაპუაშვილი.
ამასთან, ის ასაჯაროებს იმ წერილის შინაარს, რომელიც 5 თებერვალს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს მისწერა.
„გწერთ, რათა გაცნობოთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა პარლამენტის დელეგაციის წევრობიდან გადადგომის წერილით მომართეს. შესაბამისად, დელეგაცია არ არის დაკომპლექტებული და ვერ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ასევე, მსურს, რამდენიმე განმარტება გავაკეთო პარლამენტის დელეგაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.
PACE-მ, 2025 წლის 29 იანვრით დათარიღებულ ბოლო რეზოლუციაში (2585 (2025), წამოაყენა საქართველოს დელეგაციის რწმუნების აღიარების პირობები. ამით PACE -მ შელახა ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ვინაიდან, PACE -ში დელეგაციის აღიარების წინაპირობად, საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება დაადგინა.
PACE -ს მცდელობა, უარი თქვას ქართველი ხალხის არჩევანის აღიარებაზე, ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და თავად ევროპის საბჭოს ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, არამედ წარმოადგენს პრეცედენტს, თუ როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებამ უგულებელყოს არსებული რეალობა და ამით, გაამწვავოს პოლიტიკური პოლარიზაცია.
ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მცდელობა, თავიანთი პარტიკულარისტული ინტერესების იარაღად გამოიყენონ PACE, ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს თავად ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და პრინციპებს. ამგვარი ქმედებები მიკერძოებულ პოლიტიკურ ჯგუფებს
აძლევს პოლიტიკური ანგარიშსწორების შესაძლებლობას, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა სახალხო სუვერენიტეტი და ევროპის საბჭოს პრინციპებთან, როგორიცაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, არღვევს ინკლუზიურობის პრინციპს და თავად PACE -ს აზიანებს.
PACE -ს ბოლო მსგავსი მცდელობა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ლახავდა, იყო 2022 წლის 13 ოქტომბრის 2463 (2022) რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „პოლიტიკურ პატიმრად“ აცხადებდა და მოითხოვდა მის გამოშვებას კანონიერი და ლეგიტიმური პატიმრობიდან.
PACE -ს დელეგაციის გაუქმების მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ევროპის საბჭოს ძირეული ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულად, რომლებიც გულისხმობს ხალხის არჩევანის პატივისცემას, უმრავლესობის მმართველობას უმცირესობის უფლებების დაცვით და კანონის უზენაესობას“,- წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს.
აქვე შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.