LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავისუფლებაც და სამშობლოც, ორივე ტვირთია, მძიმე საზიდი ტვირთი” – ბესიკ ხარანაულის ცნობილი გამონათქვამები

5941
ბესიკ ხარანაული

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

ლექსების პირველი კრებული ბესიკ ხარანაულმა 1968 წელს გამოსცა, 2010 წელს კი, ნობელის პრემიის ნომინანტი გახდა ლიტერატურის დარგში. ქართველი პოეტისა და მწერლის შემოქმედება რამდენიმე ენაზე ითარგმნა ფრანგულის, გერმანულის და ჩეხურის ჩათვლით, რაც ნათლად მეტყველებს მის პოპულარობაზე საზღვარგარეთ.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ბესიკ ხარანაულის ფრაზებს:

„თავისუფლება კარგავს მის ნამდვილ ბუნებას, როდესაც ის ხდება მოწოდებითი, ხელოვნური… კი, თავისუფლებაც და სამშობლოც, ორივე ტვირთია, მძიმე საზიდი ტვირთი. სამშობლო კაცის ღირსებაა, თავისუფლება გზა არის ადამიანისკენ…“

მე, სიყვარულით ვივლი და შემეშველება უფალი.

ხალხმა მარტო პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა.

თითქოს აღარავინ არის ცოდვიანი და ცარიელია ეკლესიები. თითქოს თვითონვე პატიობენ საკუთარ თავს.

სიმარტოვე დადის გაღიმებულებში.

რა საშინელი ჯალათობაა შეყვარებულისთვის თვალების ახელა.

სანამ ნაგავს არ გადაყრი, ახალი დღე არ დაიწყება.

ხალხის ნაცვლად დავიტოვოთ ადამიანი.

სამყაროში ადამიანი, რაც უფრო ჭკვიანია, მით უფრო მარტოა.

…და განა შეიძლება იყო გულწრფელი და არ იყო წასაგებად გამზადებული…

ჰეი, თქვენ, ვინც ნიღბებს იკეთებთ, გახსოვდეთ, რომ სწორედ იმ წამს ძალიან შიშვლდებით.

სიკეთე ყველაზე ფრთხილად უნდა აკეთოს კაცმა, შვილო, დიდი ჭკუა უნდა სიკეთის მქნელსა, ვის უკეთებ, რატო უკეთებ, შენ რომ გსიამოვნებს, ეგ არა კმარა, გარჩევა უნდა,

სიბრძნე და… სიძუნწე.

თავისუფლება არის ყველაზე უპირველესი, რაც ადამიანს შეიძლება ან წაართვა, ან მიანიჭო.

თუ ვინმეს ელი, უთვალავჯერ მოგეჩვენება იმის ფეხის ხმა.

რაც ხალხში ვიცხოვრე, იმდენ ხანს რომ ტყეში მეცხოვრა, ხეებს ხომ მაინც გავარჩევდი ერთმანეთისგან.

ეგეთი ვარ, ჩემთვის მირჩევნია ყოფნა.

ადრე მეგონა, რომ ყველას ვუყვარდი. მერე მინდოდა რომ ყველას ვყვარებოდი, ახლა მინდა, რომ თავი დამანებონ.

დაანებე თავი! ყველა ისეთია, როგორიც უნდა იყოს. გამოსწორებაში შენ შეიცვლები.

ბოდიში გაივლის და კაცი იგივე რჩება.

ნუ იტრიალებ ნურც სხვის ტანჯვაში, ნურც სხვის ზეიმში ნუ იტრიალებ.

მათი სიყვარულის გზა ისეთი ხანგრძლივი და დამღლელი იყო, რომ, როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ, მხოლოდ ლოყის ლოყაზე მიდება შეძლეს.

როგორც გინდა ბედნიერი იყოს ადამიანი სხვაგან, მაინც სახლი ეძახის.

მხოლოდ შენ მოგაქვს შენი თავისთვის სიხარულიც და შიშის ელდაც.

რაც უფრო მეტია ადამიანში კარგი, მით უფრო ნაკლებს ხედავს ცუდს სხვაში.

ჩემი უბედურება ისაა, რომ ყველაფერთან რწმენით ვარ დაკავშირებული. დამენგრევა კიბესავით და წავალ ხოლმე უფსკრულში, იმიტომ, რომ რწმენით ვუყურებ პურის ნამცეცსაც, ღმერთსაც და ადამიანსაც და ვერ ვუძლებ, რომ დამენგრევა.

სულ ერთია, რაც უნდა იცხოვრო, მაინც „ეს“, „ამან“ და „ის“ იქნები.

ზოგიერთი ნაკლი ნიჭის საწინდარია, ზოგიერთი მარცხი – გამარჯვებისა.

ნიჭი, ზოგიერთი ძაღლივით, პატრონსაც ერჩის.

დაიმახსოვრე! უკიდურესობაზე ხეთქებამ დაამსხვრია ადამიანი.

კაცმა გაამჟღავნა გულისნადები და მარტო დარჩა.

მე შენში შენს თავს დავეძებ ხოლმე: მატყუებს-მეთქი თუ მართალია… წიგნი რომ იყო, სხვასა ვკითხავდი, ოქრო რომ იყო, ოქრომჭედელს გავასინჯებდი… მაგრამ შენი გამოცნობა მე მავალია და მე შენში შენს თავს დავეძებ.”

ზოგ ფოთოლს უფრო მეტი თავგადასავალი აქვს, ვიდრე ადამიანს.

ადამიანი მიტოვებულია. არის მესაქონლეობა, მეძაღლეობა და მებოცვრეობა, მაგრამ არ არის მე-ადამიანეობა.

შიგნით თუ არ არის ადამიანი, გარედან რა უნდა მიაშენო? ან გარეთ რას გამოიტანს, რაც შიგნით არა აქვს.

ჩემი თავი რომ დავივიწყე, მაშინ დავმშვიდდი: ეს რამსიმძიმე ოხრობა ვყოფილვარ! დავმსუბუქდი, ამოვისუნთქე… ჭიანჭველაც ალბათ ასეა.

არის სიტყვები, რომელთა ძალაშიც ჩვენ მაშინ ვრწმუნდებით, როცა ჩვენზე წარმოითქმება.

მინდა სადმე დავჯდე და ვიტირო ჩემი მრავალსაუკუნოვანი გულუბრყვილობა.

ვიღაც რომ არ იყოს გამორჩეული – სახლში, უბანში, ქალაქში, ვიღაც რომ არ იყოს განსხვავებული – ცხვირით მაინც, სახით, საქმით, თამაშით, ჭკუით… გაიღუნებოდა ეს მიწა რიგითების ტკეპნისგან.