LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

144
ITB

2023 წელს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ეს უდიდესი შესაძლებლობაა, რომ საქართველომ მთელ მსოფლიოს საკუთარი ტურისტული პოტენციალი წარუდგინოს.

უწყების ინფორმაციით, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა, ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200 000 ვიზიტორს, მათ შორის 100 000 ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალმილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.

საქართველო ჩართული იქნება საერთაშორისო მედიაკამპანიებში, რაც ონლაინ, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიას მოიცავს.

ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. კოვიდ პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 000-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 000-ზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113 500 ბიზნეს ვიზიტორი სტუმრობდა.

მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს აქტიური მარკეტინგული კამპანიები გამართა., მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედია პლატფორმის Bloomberg-ის გამოყენებით.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორი ვიდეორგოლი და სამი სტატია მომზადდა, რომელიც Bloomberg -ის გვერდსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა. (Facebook, Twitter, Instagram). კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლებსა და სტატიებს 6 მილიონზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნო დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, ბაჰრეინში, კატარში, ომანსა და ისრაელში.

Bloomberg-თან თანამშრომლობის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანია გაიმართა ბალტიისპირეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც სოციალური ქსელების, ციფრული და ბეჭდური მედიის, ტელევიზიისა და რადიოს, გარე ბანერებისა და ინფლუენსერების გამოყენებით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის Eurowings მგზავრები საბორტო ჟურნალში გაეცნენ.

მარკეტინგული კამპანიის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს მსოფლიოში უდიდეს 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობდა. საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ დუბაის, თელ-ავივის, ლონდონის, ვარშავის, ბირმინგემის, ბრნოს, ტემპერის, პარიზის, მადრიდის, ბარსელონასა და ბერლინის ორ გამოფენაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g