14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სახელით განცხადება მომზადდა, რომელსაც დღეს დეპუტატები ხელს მოაწერენ. დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ და მასზე ხელის მოწერა პარლამენტის წევრებსაც შესთავაზა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ნატო-ს წევრი მალე გახდება.
„მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელზეც ყველა დეპუტატს საშუალება ექნება ხელი მოაწეროს და არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, რომ არის საკითხები, რომლის გარშემოც შეგვიძლია გავერთიანდეთ. საკითხი, რომელიც ყველას ინტერესებში შედის და საკითხი, რომელიც ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის არჩევანია,“ – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ყველა პარტიამ დააფიქსიროს. კუჭავას თქმით, მასზე ხელმოწერა შეეძლება როგორც ყველა დეპუტატს ინდივიდუალურად, ასევე პოლიტიკური გაერთიანებისა და ჯგუფის სახელითაც.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო მზადაა იმისთვის, რომ ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს, მოვისმინეთ ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ნატო-ს წევრობას და ერთი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ნატო-ს წევრი მალე გახდება.
ჩვენ ამისთვის მზად ვართ, პოლიტიკური ნება არსებობს და დღეს კიდევ ერთხელ ფიქსირდება ყველა საპარლამენტო პარტიის ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, რომ ჩვენ ამ საკითხზე ვართ ერთიანები და ამ მიზანს ამ ერთიანობით ნამდვილად მივაღწევთ ,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.