LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს – მამუკა ბახტაძე

86
მამუკა ბახტაძე

საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივ ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის დიდი პატივია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტარდება ნატო-საქართველოს სწავლება. მისი თქმით, ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სწორედ ასეთ დროს ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სტუმრობა საქართველოში, საქართველოსადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია.

„ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ და მტკიცედ გვჯერა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. საქართველო სრულად აცნობიერებს თანამედროვე უსაფრთხოების გარემოს და, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს პარტნიორი არაწევრი ქვეყანა – საქართველო ატარებს ამ სწავლებას. საქართველოში მრავალეროვანი სწავლების ჩატარება, რომელშიც 24 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების პროცესში. ეს არის ნატოს პირველი მრავალეროვანი სწავლება, რომელსაც თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობს საქართველო. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ნდობისა და აღიარებისათვის.

ეს ფორმატი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენმა სამხედროებმა, მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, ნატოს პროცედურების შესაბამისად, კიდევ უფრო აიმაღლონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები.

ჩვენი ქვეყანა ერთგულია თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების საერთო ღირებულებებისადმი, რომელთა საფუძველზეც ნატო შეიქმნა. საქართველომ ეს ყოველივე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით დაამტკიცა. ამიტომაც საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g