საქართველოს ხვალ ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ეწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა, ჯონ ბოლტონი არის საქართველოს ერთგული მეგობარი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.
“ჯონ ბოლტონს სექტემბერში ვაშინგტონში შევხვდი და გვქონდა არსებითი საუბარი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ამავე დროს, რეგიონში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. ჯონ ბოლტონი არის საქართველოს ერთგული მეგობარი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ვიზიტის ფარგლებში გვექნება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი. საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და უფრო მეტი, არასდროს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი. დარწმუნებული ვარ, ვიზიტის შედეგად, ჩვენი ერთობლივი მოქმედების გეგმა გახდება კიდევ უფრო კონკრეტული და ამავე დროს, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.