პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დღეს უმრავლესობის დეპუტატმა, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ოპოზიციის წევრებს მიმართა.
როგორც სეფაშვილმა განაცხადა, თუ რუსული ბაზრებიდან ქართული კერძო ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქტები გაქრება, შეიძლება რუსმა მომხმარებელმა ეს ვერც შენიშნოს, ხოლო საქართველოს მოსახლეობა ამას ძალიან ადვილად და იოლად იგრძნობს:
“აქ რამდენჯერმე გაისმა მოწოდებები სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, ინფლაციასა და ასე შემდეგ. ეს ჩვენც ძალიან კარგად ვიცით და ვაცნობიერებთ ამ პრობლემებს და ჩვენი ძირითადი გამოწვევაა. თუ მართლა ასე ძალიან სწუხართ და რეალურად ცდილობთ ამ პრობლემების გადაჭრას, მაშინ რა არის ეს თქვენი გაუთავებელი მოთხოვნა ეკონომიკური სანქციებზე მიერთების შესახებ?
განვიხილოთ ლოგიკურად – სანქციებმა იმ სუბიექტს უნდა შეუქმნას დისკომფორტი, ვის მიმართაც არის დაწესებული. ამ დისკომფორტის შედეგად, ისეთი რაღაცის გაკეთება აიძულოს, რომელსაც წინააღმდეგ შემთხვევაში ის არასოდეს არ გააკეთებდა.
დაფიქრდით, რა დისკომფორტის მინიჭება შეუძლია საქართველოს ამ ეკონომიკური სანქციებით?
მაშინ, როდესაც თუ რუსული ბაზრებიდან ჩვენი კერძო ბიზნესის მიერ წარმოებული ღვინო იქნება თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაქრება, შეიძლება რუსმა მომხმარებელმა ვერც შენიშნოს, რომ ეს პროდუქცია გაქრა, ხოლო საქართველოს მოსახლეობა ძალიან ადვილად და იოლად იგრძნობს, როდესაც პური არ შემოვა, ხორბალი, წიწიბურა, მაკარონი, მარგარინი, მზესუმზირის ზეთი არ შემოვა და ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.
მერე დაიწყეთ ინფლაციაზე და ლარის გაუფასურებაზე საუბარი.
როდესაც ჩვენი მეწარმის მიერ წარმოებული საქონელი და მომსახურება არ გაიყიდება საერთაშორისო ბაზრებზე, ეს დააკლდება არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც რეალურად ამ პროდუქტის წარმოებაში არიან ჩართული, არამედ მულტიპლიკატორის ეფექტით – მთელს ეკონომიკას გადაეცემა”, – განაცხადა სეფაშვილმა.