LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

107
Capture

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ რუსული ავიაკომპანიის მიერ 2025 წლის 1-ელ მაისს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლოატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც არიან როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია.

„ასევე შემაშფოთებელია რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მ.წ. 1-ელ მაისს სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ ქმედებებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის და ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g