საქართველოში თვის ბოლოს “ასტრაზენეკას” მორიგი მოცულობა, 50 000-მდე დოზა შემოვა – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უწყება ასევე ინტენსიურად მუშაობს “ფაიზერთან” და შეთანხმება 1 მილიონ დოზაზე მიღწეულია, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მუშაობა იმ დოზების და თარიღების დადგენაზე, რომლითაც “ფაიზერი” საქართველოს შეთანხმებულ დოზებს მიაწვდის:
“თვის ბოლოს საქართველოში შემოვა ასტრაზენეკას შემდეგი მოცულობა. ეს იქნება 50 000-მდე დოზა. შემდეგი დოზა შემოვა მაისში, ეს გადაწყვეტილება მიიღო კოვაქსის პლატფორმამ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ვაქცინას აქვს საკმაოდ მოკლე ვარგისიანობის ვადა და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ვადით დაცული ვაქცინები შემოვიდეს.
ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ფაიზერთან პირდაპირ მოწოდებასთან დაკავშირებით. შეთანხმება 1 მილიონ დოზაზე არის მიღწეული და ჩვენ ვმუშაობთ იმ დოზების და თარიღების დადგენაზე, რომლითაც ფაიზერი საქართველოს მოაწვდის ამ დათქმულ და შეთანხმებულ დოზებს. მოდერნასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა მოსახლეობას ამ ეტაპზე ვერ მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას, რადგან მოლაპარაკება მიმდინარეობს.” – თქვა მინისტრმა.
შეგახსენებთ, საქართველოში, ამ ეტაპზე, იმუნიზაციის პროცესი “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” ვაქცინით მიმდინარეობს.
ქვეყანაში შემოტანილია “სინოფარმის” 100 000 დოზაც. აღნიშნულ ვაქცინაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება.