„საქართველოში დაიწყო შიდაგავრცელების ეტაპი, რომელიც შეიცავს გაცილებით დიდ რისკებს, ვიდრე ეს იყო მანამდე, სანამ შენარჩუნებული იყო მესამე რიგის გადაცემა. ეს იმას გულისხმობდა, რომ კონტაქტები იყო გამოვლენილი,”- ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “ფორმულას” ეთერში გააკეთა.
ამასთან, ცერცვაძე ამბობს, რომ სიტუაცია პრეკრიზისულია. მისი თქმით, ცნობილია გეოგრაფიული არეალები, სადაც ადამიანები უნდა გამოკვლიონ, რაც ნიშბავს, იმას, რომ გავრცელება კრიზისული არ არის.
“ცალსახად ვამბობ, რომ სიტუაცია პრეკრიზისულია – სამი კერა გამოვლინდა,ს ადაც ვერ მოხერხდა ხელის დადება იმაზე, თუ ვისგან დაინფიცირდა პაციენტი, არ არსებობს პირდაპირი კონტაქტები. აქ უნდა გამოვიყენოთ სხვა სახის მიდგომა. აქ უნდა გამოვიყენოთ კარანტინები, მოსახლეობისთვის გადაადგილებისა და შეკრებების შეზღუდვა – არა მხოლოდ ერთეულების გამოკვლევა, არამედ უნდა დავიწყოთ მასიური გამოკვლევა”- ამბობს ცერცვაძე.
მისივე თქმით, ჯერჯერობით მთელი მოსახლეობის კარანტინის საკითხი არ დგას.
“მართალია, კონკრეტული კონტაქტები არ ვიცით, ფართო კვლევაა საჭირო, მაგრამ ის, მაგალითად, მარნეულის შემთხვევა, ასახელებს ადგილებს, სადაც იყო – წლისთავზე, საველე სამუშაოზე, მაგრამ იყო მხოლოდ მარნეულში. არ არის ცნობილი ზუსტად პირები, მაგრამ ცნობილია არეალი – ეს აადვილებს საქმეს. ჯერჯერობით ამ მარნეულის შემთხვევაში პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ გამოვლინდა ცოტა ინფიცირებული”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა. შეგახსენებთ, რომ აქედან 16 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.