“ქვეყნის სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში ამ ეტაპზე მხოლოდ 144 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე თითქმის სამნახევარჯერ უსწრებს მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს.
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია.
“გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი უკვე 80-ზე მეტია. 1 ახალი ინფიცირებულის წყარო დადგენილია. ეს არის ე.წ. საბურთალოს კლასტერი. მას კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან. ახალი პაციენტი ჩვენს კლინიკაში არ არის მოთავსებული”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
როგორც მარინა ეზუგბაია აცხადებს, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 57 დადასტურებულად ინფიცირებული მკურნალობს.
“კლინიკაში პრობლემური, მძიმე პაციენტები არ გვყავს, უმეტესობის მდგომარეობა საშუალოდ ფასდება, მცირე რაოდენობით არიან მსუბუქი სიმძიმის პაციენტები”, – აცხადებს ის.
