LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მეორედ ჩატარდება

116
კონფე

2023 წლის 16-18 ნოემბერს, თბილისში, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. სამდღიანი ღონისძიება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით იგეგმება.

კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები გახსნიან, რომლებიც კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებებს ხელმძღვანელობენ: უილიამ კოვაჩიჩი – უოშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი გლობალური კონკურენციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის სფეროში, კონკურენციის კანონმდებლობის ცენტრის დირექტორი, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი; ტერესა მორეირა – UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; ორი შვარცი – OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი,

მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით  სპეციალური პანელური დისკუსიაა დაგეგმილი, რომელზეც სექტორულ ჭრილში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები, მიღწევები და გამოწვევები იქნება წარმოდგენილი.

კონფერენციაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე დელეგაცია მიიღებს. მათ შორის იქნებიან კოლეგა უწყებების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

გაიმართება  UNCTAD-ის სესია მომხმარებლის უფლებების დაცვის და OCED-ის სესია კონკურენციის პოლიტიკის შესახებ. ასევე, კოლეგა უწყებებს შორის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხზე ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაც შედგება.

თემატურ სესიებზე მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კონკურენციის პოლიტიკა და მდგრადი განვითარება, რეგულირებული ბაზრები და უწყებათაშორისი თანამშრომლობა; სავაჭრო პოლიტიკა და კონკურენციის მხარდამჭერი ირიბი მექანიზმები; მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ტენდენციები და ძირითადი გამოწვევები – საქართველოს და ევროპული ქვეყნების გამოცდილება; კონცენტრაციების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები; კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, გამოვლენის და აღკვეთის ეფექტური მექანიზმები და ა.შ.

ყოველწლიური კონფერენციის „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება.