საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი წელი გავიდა. ქვეყანაში პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი საქართველოს მოქალაქე მამაკაცი იყო, რომელიც ირანიდან სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა.
ერთი წლის შემდეგ, საქართველოში კორონავირუსის სულ 270 137 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 264 047 პაციენტი, ხოლო 3485 გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის შემოვა ვაქცინა საქართველოში, რათა მოსახლეობის ვაქცინაცია მოხდეს.
21 თებერვალს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვაქცინის ასეთი დაგვიანება პრობლემას არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, გეგმის მიხედვით საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში უკვე თებერვლის ბოლოს უნდა ყოფილიყო.
მომდევნო კვირას გვეცოდინება, როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა: გაბუნია
საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან 1 წლის შემდეგ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 320, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა.