სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის აგვისტოში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.3%-ს შეადგენს, ხოლო 2017 წლის 8 თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობითვე, 2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით აგვისტოში 14%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის აგვისტოში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
- დამამუშავებელი მრეწველობა – ზრდა 6.9%;
- სასტუმროები და რესტორნები – ზრდა 18.5%;
- ოპერაციები უძრავი ქონებით – ზრდა 7.8%.
2017 წლის აგვისტოში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და აღნიშნული სექტორების მიერ გამოშვებული პროდუქციის ექსპორტის ზრდამ. კერძოდ, 2017 წლის აგვისტოში გაიზარდა:
- ფეროშენადნობის ექსპორტი 134%-ით;
- აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 84%-ით;
- სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 65%-ით;
- ღვინის ექსპორტი 58%-ით;
- სპირტიანი სასმელების ექსპორტი 29%-ით;
- მინერალური წყლების ექსპორტი 23%-ით.