პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების დინამიკის მკვეთრი კლებაა. ლევან რატიანის განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებიდან 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. მისი თქმით, განმეორებით პასუხებზე რამდენიმე ნიმუშია გაგზავნილი და უარყოფითი ანალიზების შემთხვევაში კლინიკას დღის ბოლოს კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს. რატიანის თქმით, დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია.
„ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 68 პაციენტი გვყავს. მათგან კოვიდინფიცირებულია 52 პაციენტი. დინამიკა მკვეთრად კლებისკენაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ახალი შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღეა არ მიგვიღია და ესეც გვახარებს. რეანიმაციაში გვყავს სამი პაციენტი, ერთი სპონტანურ სუნთქვაზეა, ორი გამარტივებულ ფილტვის ვენტილაციაზე დადებითი დინამიკით. ამ პაციენტებთან არც ერთთან კოვიდინფექცია არ დასტურდება. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ველოდებით ტესტირების შედეგებს დღის მეორე ნახევარში და კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს კლინიკას“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
როგორც რატიანმა განაცხადა, რადგან დინამიკა მკეთრად დადებითია, შეიცვლება საუნივერსიტეტო კლინიკაში პრესკონფერენციების სიხშირე. კლინიკის წარმომადგენლობა მედიას კვირაში 2-ჯერ შეხვდება – ორშაბათსა და პარასკევს.
„იმედია ჩვენი კლინიკა მალე მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადავა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.