24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ.
რა შეზღუდვები რჩება ძალაში? – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება
როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან.
კერძოდ:
მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე;
მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2-ზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი;
მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს, ძირითადად, დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;
„ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მომხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ.
სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით. ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას. ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს ისე, როგორც დაგეგმილი იყო.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა არ აღდგება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება