სავაჭრო ცენტრში განთავსებულმა მაღაზიებმა პროდუქცია 10-15%-ით გააძვირეს, – ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროდუქტის ნაწილის ამოყიდვა ხდება. „ამ მიმართულებით მოიჯარეები ცდილობენ, რომ ფასდაკლებები გააკეთონ, მაგრამ საშუალო გაძვირება, 10-15%-ის ფარგლებში უკვე სახეზეა. ამის იქით ფასების ზრდის საშუალება უბრალოდ არ აქვთ, რადგან მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა დღეს ძალიან შემცირებულია,“ – დასძინა ყარალაშვილმა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას.
მისივე განმარტებით, სავაჭრო ცენტრებმა მოიჯარეებისთვის შესაძლებლობის ფარგლებში, იჯარის ფასები შეამცირეს.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცადეთ, გაგვეკეთებინა მოიჯარეებისთვის ფასდაკლებებები, მაგრამ გაზრდილი საოპერაციო ხარჯების პირობებში, როცა გაორმაგდა გაზის, დენის, წყლის ფასი, საკმაოდ რთულია კიდევ უფრო დაბალი ფასის შეთავაზება. დღეს ცენტრების ამოცანა არის, რომ ნულოვანი მოგების წერტილზე გავიდეთ“ – დასძინა „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა.