LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს – სახალხო პლატფორმა

555
დავით-ჯაიანი

რა გეგმები აქვს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმდინარე წელს – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა” თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ დავით ჯაიანმა ისაუბრა.

შეჯამებისთვის, რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა გასულ წელს?

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, გასულ წელს არაერთი პროექტი განახორციელა, რისთვისაც 60 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. მათ შორის, საუბარია ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, როგორებიცაა: საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩასასხდომი ბაქნები, ზებრა გადასასვლელები, უსაფრთხოების კუნძულები, პანდუსები და ა.შ.

გარდა ამისა, განხორციელდა მოდელირებები და ძირეულად შეიცვალა მოძრაობის მიმართულებები არაერთ ქუჩასა და გამზირზე. დედაქალაქში შემოსული 18-მეტრიანი ავტობუსები მოქალაქეებს ხუთ მარშრუტზე ემსახურება. გამოთავისუფლებული შემადგენლობები გადანაწილდა 24 სხვადასხვა მარშრუტზე.

გაიმართა საგზაო უსაფრთხოების რეგიონული სამიტი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი; უკვე მეოთხედ ჩატარდა „მობილობის ევროპული კვირეული“. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, დასრულდა მუშაობა დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის დიზაინის კონცეფციაზე. შემდეგი ეტაპია დეტალური დიზაინის მომზადება.

რაც ეხება მიმდინარე, 2025 წლის გეგმას, რომელი პროექტების განხორციელება იგეგმება?

პრაქტიკულად გაგრძელდება ყველა ის დაწყებული პროექტი, რასაც გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს.

თბილისის სატრანსპორტო მოდელისა და შინამეურნეობის სატრანსპორტო კვლევა, რომელიც დედაქალაქში ბოლოს 2016 წელს ჩატარდა, „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის“ ფარგლებში ტარდება.

პროექტს, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია, თბილისის განვითარების ფონდი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მასში, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, უცხოელი ექსპერტ-კონსულტანტები არიან ჩართული. კვლევის არეალი მოიცავს თბილისის მუნიციპალიტეტს, მცხეთას, რუსთავს, გარდაბანსა და მიმდებარე სოფლებს. ჩატარდება გამოკითხვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც დაგვეხმარება მოგზაურობის ჩვევების ანალიზში, მობილობის მართვის პოლიტიკის განსაზღვრაში, შეფასებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში. პროექტის ფარგლებში იგეგმება 10 000 შინამეურნეობის გამოკითხვა. ინტერვიუერები დედაქალაქში, ყოველდღიურ რეჟიმში, „კარდაკარის“ პრინციპით მუშაობენ.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია, როგორც დედაქალაქის მერიის, ისე სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითად გაჩერებებზე განთავსებულია საინფორმაციო პოსტერები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g