საქართველოს ეროვნულ ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) დელეგაციას და ბანკის პრეზიდენტს, დიმიტრი პანკინსს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და BSTDB-ის შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს. მისივე თქმით, მხარეებმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის 2019-2021 წლების სტრატეგია განიხილეს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მჭიდროდ თანამშრომლობს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB), რომელიც მონაწილეობს არაერთი მნიშვნელოვანი კერძო და სახელმწიფო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებაში. ბოლო პერიოდში, ბანკი სულ უფრო მეტად ზრდის დაფინანსების მასშტაბებს ექსპორტის, ინფრასტრუქტურის და ენერგო ეფექტურობის მიმართულებებით და ამას, ძირითადად, საქართველოს საბანკო სექტორის მეშვეობით ახორციელებს. აღნიშნული პროექტების დაფინანსება მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნისა და საწარმოო პოტენციალის ამაღლებისათვის. ამასთან, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას, რაც ასევე მნიშვნელოვანია ქეყანაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის საქმიანობას საქართველოში, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია ბანკის მიერ გამოშვებული ლარის ობლიგაციები, რომელიც ერთი მხრივ, ეხმარება ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და, მეორე მხრივ, შესაძლებელს ხდის მცირე და საშუალო ბიზნესზე ადგილობრივი ვალუტის სესხების გაცემას. ეს უკანასკნელი ბიზნესს უცხოური ვალუტის სესხთან დაკავშირებული გაცვლითი კურსის რისკების არიდების საშუალებას აძლევს, რაც ფინანსურ სტაბილურობასაც უწყობს ხელს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულებისას კობა გვენეტაძემ.
