„უკვე ასი წლის თავზე უნდათ სანქციებით და პროპაგანდით დაიმორჩილონ ქართველი ხალხი, დასვან თავისი მარიონეტული რეჟიმი და დაამყარონ ლიბერალური ინტერნაციონალი საქართველოში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა.
პაპუაშვილის თქმით, „ჩავხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს, ესენიც უცხო ქვეყნის მარიონეტები არიან“: როგორც მანვე აღნიშნა, დღესაც არის მცდელობა, საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყარონ.
„ალბათ, საინტერესო იქნება, ჩავხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და გარწმუნებთ, ნახავთ პარალელებს. რა თქმა უნდა, ეპოქა, ინსტრუმენტები შეიცვალა, თუმცა, გარწმუნებთ, რომ იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს.
ესენი არიან 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც იმ ქვეყნის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, სადაც დაიბადნენ, ფეხი აიდგეს და რომელი საზოგადოების წევრებიც იყვნენ. საბოლოო ჯამში, ეს არის ყველა მარიონეტის ხვედრი.
მაშინ სოციალური ქსელი არ იყო, მაგრამ სერგო ორჯონიკიძე კედლის გაზეთებით და პროკლამაციებით ზუსტად ასე ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ხელისუფლება არის საფრთხე და ის უნდა იყოს საერთო კომუნისტურ-სოციალისტური ინტერნაციონალის ნაწილი.
ზუსტად ამას გვეუბნებიან დღეს, რომ საქართველო არ უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს ლიბერალური ინტერნაციონალის ნაწილი. აბსოლუტურად ერთი-ერთში არიან სერგო ორჯონიკიძის შთამომავლები თავისი არსით.
ზურაბ ჯაფარიძე: „დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი!“
ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და პროტესტის გაგრძელების შესაძლო მისეულ შეხედულებებზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რა არის მისი აზრით, მნიშვნელოვანი.
როგორც სერგო ორჯონიკიძე იყო უცხო ქვეყნის მარიონეტი, ესენიც ზუსტად უცხო ქვეყნის მარიონეტები არიან. მნიშვნელობა არ აქვს დედაქალაქებსა და ქვეყნებს, მნიშვნელობა აქვს თავად მოცემულობას, რომ საკუთარი პოლიტიკური ეგოების დასაკმაყოფილებლად ადამიანები ეყიდებიან სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ქვეყნის გარეთ. ამიტომ, ესეც მიუთითებს, რომ არის ჩვეულებრივი მტრობა საქართველოსი.
ასი წლის წინ ამას აკეთებდნენ ხიშტებითა და ტანკებით, დღეს აკეთებენ სანქციებით და პროპაგანდით. მეთოდები იცვლება, თუმცა შინაარსი – არა. ეს არის მცდელობა, რომ საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყარონ.
როგორც 1921 წელს საბჭოთა არმიის მეშვეობით დაიმორჩილეს საქართველო და დაამყარეს კომუნისტური ინტერნაციონალის მმართველობა, ახლა უკვე ასი წლის თავზე უნდათ სანქციებით და პროპაგანდით დაიმორჩილონ ქართველი ხალხი, დასვან თავისი მარიონეტული რეჟიმი და დაამყარონ ლიბერალური ინტერნაციონალი საქართველოში“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.