„ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, რის გამოც მიესაჯა სასჯელი, ის ამ სასჯელს იხდის ციხეში, მაგრამ ციხეში ყოფნა არ უნდა, რადგან არ ეკომფორტულება, ამის გამო ამბობს, მე აქ სტრესი მაქვსო, ითხოვს ციხიდან გასვლას და ამის გამო უნდა გავიდეს?!“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყველა აკვირდება, მაგრამ აბსურდია ის, რომ ის არ იღებს შეთავაზებულ სამედიცინო სერვისს და ჯანმრთელობის რისკს თავის თავს თვითონ უქმნის.
„არ იღებს იმიტომ, რომ ამბობს, რომ დისკომფორტს გრძნობს ციხეში ყოფნის გამო. მოკლედ, ადამიანს არ სურს ციხეში ყოფნა. გვესმის, რომ არავის არ სურს ციხეში ყოფნა, მაგრამ ცხოვრება ასეა მოწყობილი, რომ თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, მას შესაბამისი სასჯელის მოხდა უწევს. ასე არის ცხოვრება აწყობილი, კანონი მკაცრია, მაგრამ ის კანონია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთი ადამიანის გამორჩევა სწორი არ არის, მათ შორის, ომბუდსმენის მხრიდან.
„როგორ ფიქრობს, სხვა პატიმრებს როგორ აქვთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა შესაძლებლობები არის მათ შორის, სამედიცინო კუთხით და ამაზე რატომ არ საუბრობს?! X პატიმარზე რომ ვთქვათ, მისი განკურნება სახლში უფრო ადვილი იქნებოდა, ოჯახურ გარემოში, სადაც ის ემოციურად დამშვიდებული იქნებოდა, თუ ციხის გარემოში? ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაშიც ასე შეიძლება, ითქვას და რატომ გამოვარჩევთ ერთ პატიმარს განსაკუთრებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.